თავში

პარლამენტი ანაკლიის პორტის პროექტს მხარს უჭერს

პარლამენტი ანაკლიის პორტის პროექტს მხარს უჭერს
პარლამენტი ანაკლიის პორტის პროექტს მხარს უჭერს

"მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ის, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა, არ იძლევა საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი გვერდზე გადავდოთ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანაკლიის პორტის ეკონომიკურ პროექტთან დაკავშირებით. ჩემი მხრივ, მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს. მისი განვითარების და განხორციელების შესაძლებლობისთვის მაქსიმალურ ჩართულობას გამოვხატავთ და მივესალმებით მკაფიო განცხადებას პორტთან დაკავშირებული პრიორიტეტის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორცილებისთვის, როდესაც პირველ რიგში, შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში შეიტანა, შემდგომში ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც პროექტს სჭირდებოდა, სრულად იყო უზრუნველყოფილი, მათ შორის, „ბიუჯეტის შესახებ“ კანონში პარლამენტმა მიიღო შესაბამისი ასიგნებები და დამტკიცებული იყო ესეც იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული. გახსოვთ, რომ პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, კერძო სექტორმა, ვინც იყო ჩართული პროექტში, ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი - ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტი გადავდოთ გვერდით. ამიტომ პრემიერ-მინისტრის განცხადება დღეს იყო მკაფიო. ჩვენ მივესალმებით, რომ განახლდება მუშაობა ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა დღეს, პოსტკოვიდურ პერიოდში არსებულ ეკონომიკურ კირზისში ჩვენ მაინც შევძლოთ ინვესტორებთან მუშაობა და მათი დაინტერესება ამ პროექტით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანაკლიის პორტის ასაშენებლად ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება. პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც. მთავრობა იმედოვნებს, რომ პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან. 

ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესის გააქტიურდება დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც დააანონსა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ.

ანაკლიის პორტი კვლავ მთავრობის პრიორიტეტებში სახელდება. პორტის პროექტის სატენდერო პირობები ახლდება. მთავრობა ანაკლიის სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას გეგმავს და პორტის ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტიც ხელახლა მომზადდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონი ლარის ჩადებას გეგმავს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

სპეციალისტები ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტად მიიჩნევენ. ტამანის პორტმა ტვირთების გატარება უკვე დაიწყო.

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებითა და ღრმაწყლოვანი პორტის არქონით, რატომ ვერ აშენდა, როდის აშენდება, ვინ ააშენებს და, ზოგადად, ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ, გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system