თავში

პარლამენტი ზეგანაკვეთური მუშაობის აკრძალვაზე იმსჯელებს

პარლამენტი ზეგანაკვეთური მუშაობის აკრძალვაზე იმსჯელებს
პარლამენტი ზეგანაკვეთური მუშაობის აკრძალვაზე იმსჯელებს

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონპროექტების ბაზაში დარეგისტრირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძის და უმაღლესი საბჭოს წევრ ილია ვერძაძის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ზეგანაკვეთურ მუშაობას ერთიან ჭერს უწესებს.


პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში კვირაში 8 საათზე მეტი დროით ზეგანაკვეთური მუშაობა იკრძალება.

ინიციატივის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება:

“ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 8 საათს. სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებისთვის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამის განმავლობაში 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში 6 საათს,”- წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორები მიუთითებენ, რომ შრომის კოდექსის მოქმედი რედაქცია დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების შექმნას ვერ უზრუნველყოფს.

“კანონი განსაზღვრავს, რომ კვირის განმავლობაში 40 საათის ზემოთ ნამუშევარი დრო მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, მაგრამ არ ადგენს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალურ ოდენობას. ერთადერთი რეგულაცია რომელიც სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობას აწესებს, ითვალისწინებს იმას, რომ სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დასაქმებული მუშაობდეს კვირის განმავლობაში 84 საათის განმავლობაში. ასეთი სამუშაო კი თავისთავად უსაფრთხოდ არ მიიჩნევა ჯანმრთელობისთვის და არ ჩაითვლება ჯანსაღ სამუშაო გარემოდ", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები აღიარებენ, რომ ამ ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ექნება გავლენა, რადგანაც დასაქმებულთა “ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგრძლივობის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით შესაძლოა, შემცირდეს დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად მუშაობის დრო და შესაბამისად, შემცირდეს მათთვის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გადასახდელი შესაბამისი შრომის ანაზღაურებაც, რაც შეამცირებს მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ საშემოსავლო გადასახადსაც,” - ნათვამია განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს მომზადებული "ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილსაც, რაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვას, ზეგანაკვეთის დამატებით ანაზღაურების განსაზღვრას, შეთავსებითი სამუშაოს რეგულირებას, საწარმოს გაყიდვის დროს, დასაქმებულთა უფლებების განსაზღვრას და კიდევ სხვა საკითხებს ეხება, თუმცა აღნიშნული ინიციატივა ჯერ პარლამენტში ინიცირებული არაა.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ საკუთარი შენიშვნები აქვთ როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატს, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო კი მიიჩნევს, რომ შრომითი კანონმდებლობა RIA-ს (რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის) გარეშე არ უნდა მოხდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system