თავში

პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა დღეიდან ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება

პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა დღეიდან ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება
პარლამენტში ბიუჯეტის განხილვა დღეიდან ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება

პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეიდან ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე დღეს ფრაქცია „ევროპულ საქართველოსა“ და ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გააცნობს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს. მათი განცხადებით, წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტი საზოგადოებაზე არ არის მორგებული.

„ევროპული საქართველო“ ფრაქციის ფორმატში ბიუჯეტის გაცნობას დაესწრება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტის კანონპროექტს ხვალ გააცნობს.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა მე-9 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო და არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული ახალი პარლამენტი გააგრძელებს.

კანონმდებლებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტის განიხილვა 7 ოქტომბერს დაიწყეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პირველ შემაჯამებელ სხდომას 16 ოქტომბერს გამართავს. საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის განხილვის პირველ ეტაპს 20 ოქტომბერს დაასრულებს, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

ოპოზიცია 2021 წლის ბიუჯეტს იწუნებს. ქვეყნის მთავარ ფიანანსურ დოკუმენტს აკრიტიკებენ საექსპერტო წრეშიც. კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" მომავალი წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯის სიდიდეს ედავებიან.

პირველი ვიცე-პრემიერი ოპოზიციების ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების შედგენილ ყველა ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მუდმივად კლებადია. მაია ცქიიშვილი ოპონენტების ბრალდებებს უპირისპირებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას.

ცნობისათვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 12 200,0 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებაა პროგნოზირებული.

მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები, იხილეთ აქ.

რომელ უწყებს რამდენი ერგება მომავალი წლის ბიუჯეტიდან, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system