თავში

პასუხობს თუ არა ეკონომიკა covid-19-ის გამოწვევებს

პასუხობს თუ არა ეკონომიკა covid-19-ის გამოწვევებს
პასუხობს თუ არა ეკონომიკა covid-19-ის გამოწვევებს

ბიზნესის სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი report.ge-თან იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაშიც ქვეყანა ეპიდემიის გამო აღმოჩნდა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის გადაწყობის პროცესი დაგვიანდა, რამაც განსაკუთრებით ბიზნესს შეუქმნა პრობლემა, დააზარალა მოსახლეობა და ეკონომიკის განვითარების პროცესი საგრძნობლად შეაფერხა.  

,,შარშან, როცა პირველი მასშტაბური შეზღუდვები დაიწყო, მათ შორის, გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაშინვე განვაცხადე, რომ აუცილებელი იყო ეკონომიკის გადაწყობა რეალურად კოვიდ-პანდემიის პირობების მიმართ. ფაქტია, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ძირითადი გამოწვევაა ვირუსის გავრცელების გლობალური მასშტაბი. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი გამოწვევაც არ უნდა იყოს, წარმოების ტემპი არ უნდა შემცირდეს, რასაც სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ქართულ ეკონომიკაში ვერაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ გადაწყობა მოეხდინათ ახალ გამოწვევებთან მიმართებაში. გახარიას ინიციატივით, როცა კომპანიებს გაუჩნდათ შესაძლებლობა რაღაც მიმართულებით თანხა დაეზოგათ ან იპოთეკებთან დაკავშირებით სუბსიდიის  ვალდებულება აიღეს, მაგრამ ეს დროებითი ეფექტი იყო. სახელმწიფომ შეძლო მეტნაკლებად არ ეგრძნო ბიზნესს კოლაფსი და განვითარების გზა გამოენახა, მაგრამ არა გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს უკვე ლარის კურსი გაუფასურდა და ის არის რეალური ეკონომიკის სახე, თუკი შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნება, ამას ვერ მოჰყვება ეკონომიკის განვითარება და ჩვეულ რიტმში დაბრუნება, რადგან ბევრს გაუნადგურდა ბიზნესი და ხელახლა დაწყება მოუწევს, რაც ახალ ხარჯთან არის დაკავშირებული. შედეგი ჯერჯერობით არ არის სახარბიელო", - აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ შეცდომაა დაშვებული იმ მხრივაც, რომ საკანონმდებლო ინიციატივები შენელებულია, როცა პირიქით, ეს პროცესი განსაკუთრებით უნდა გააქტიურებულიყო.

,,პოლიტიკურ შეფასებას არასდროს ვაკეთებ, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა ბოლო 2 სასესიო პერიოდი პრაქტიკულად ვერ იმუშავა. უამრავი სასანონმდებლო ინიციატივა, ახალი გადაწყვეტილება და ხედვა დაიკარგა. ბიზნესის მხარდაჭერა ვერ მოხერხდა. მინიმუმ, 20-25 ახალი კანონის მიღება შეეძლოთ, მაგრამ ვერ მოხერხდა. ელემენტარულად, ვერაფერი გაკეთდა, ამან წარმოშვა სხვადასხვა პრობლემა, მათ შორის, დისტრიბუციასთან დაკავშირებით. ახალი შესაძლებლობები ვერ გამოჩნდა. ეროვნული ბანკიც და მთავრობაც საკანონმდებლო ცვლილების, ახალი ინიციატივების მიღმა დარჩნენ", - აღნიშნა report.ge-თან. 

ახლა მთავარია, ბიზნესმა ეპიდემიასთან თანაცხოვრება ისწავლოს. როგორც ბიზნესმენი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, თუკი შეზღუდვები სრულად მოიხსნება, შეძლებენ სიტუაციის შესაბამისად გადააწყონ საქმიანობა, თუმცა დანაკარგი ჯერჯერობით დიდია.

,,კარგია, რომ მთავრობამ ბოლოს და ბოლოს, იფიქრა ეკონომიკის გახსნაზე. უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ და ახლა თანდათან ვიკრებთ ძალებს. მართალია, საწარმოო პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ ხარჯი გაგვეზარდა, რეალიზაცია შემცირდა და ცუდ დღეში აღმოვჩნდით. ახლა ერთადერთი გამოსავალია, რომ ვისწავლოთ რეგულაციების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრება, რაც მოქალაქეებმა და ბიზნესმაც უნდა გაითვალისწინოს. მით უმეტეს, გარკვეული გამოცდილებაც დაგროვდა, არ არის ის მდგომარეობა, როგორშიც აღმოვჩნდით 2020 წლის დასაწყისში, როცა არ ვიცოდით, როგორ გავმკლავებოდით პანდემიას და რა ზომები მიგვეღო. ბიზნესი ფაქტობრივად აახალი მოთხოვნების შესაბამისად გადაეწყო, რასაც დრო დასჭირდა. ჩვენ თუ ვიქნებით ადეკვატურები და ბიზნესთან თანაცხოვრებას ვისწავლით, ეკონომიკის ჩაკეტვის საკითხი შეიძლება, საერთოდ მოიხსნას“, - ამბობს report.ge-თან უჩუმბეგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების უდიდესი ნაწილი უკვე მოხსნილია. გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე პერიოდში, ასევე მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 17 მაისის სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქება ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე არის მიღებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system