თავში

პენსიის ინდექსაციის პროექტს პარლამენტს ოქტომბრის ბოლომდე წარედგინება

პენსიის ინდექსაციის პროექტს პარლამენტს ოქტომბრის ბოლომდე წარედგინება
პენსიის ინდექსაციის პროექტს პარლამენტს ოქტომბრის ბოლომდე წარედგინება

მომდევნო წლებში საქართველოში ასაკობრივი პენსიის ზრდა შესაძლოა სპეციალური ფორმულის საფუძველზე მოხდეს. ინიციატივის მიხედვით პენსიების ყოველწლიური გადახედვა მინიმუმ ქვეყანაში ფასების საერთო დონის (ინფლაციის) შესაბამისად უნდა ხდებოდეს.


როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გადაცემა განაცხადა, მთავრობას ინდექსაციის პროექტის შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუსრულებია. კაკაურიძის თქმით, ინდექსაციის კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე მოხდება.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინდექსაცია სწორედ მორგებული იქნება ამ სისტემაზე. ინდექსაციის მოდელს ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. სოციალური კუთხით გავლენებს შევაფასებთ მათთან ერთად.

ვფიქრობთ, რომ წელს უკვე წარდგენილი იქნება პარლამენტში ინდექსაციის პროექტი. ნაწილს პენსიონერებისა გაეზრდება ნომინალურად ინფლაციის ოდენობით. სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოსთვის იქნება წარდგენილი პარლამენტში ეს კანონმდებლობა. კარგი იქნება მომავალ წელს ყველანაირი პენსიის ზრდის შესაძლებლობა გვქონდეს, თუმცა ეს რა თქმა უნდა დაკავშირებულია ეკონომიკის მთლიან ზომასთან.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ ინდექსაცია და ვისაც უფრო სჭირდება, მათ უფრო გაეზარდოთ, რასაც ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას”- ამბობს გიორგი კაკაურიძე.

პენსების ინდექსაციის ინიციატივა თავდაპირველად ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა. კვირიკაშვილის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, ქვეყანაში პენსიების ინდექსაციის მოდელი უნდა დანერგილიყო. დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, თუმცა პენსიების ინდექსაციის ზუსტი მოდელი მთავრობას ამ დრომდე არ წარუდგენია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლიდან პენსიების ზრდა დაანონსა. კონკრეტულად კი ყველა პენსიონერისთვის საბაზო პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელზე ზემოთ ხანდაზმული პირები კი დამატებით 30 ლარიან დანამატს მიიღებენ, ანუ მათთვის ჯამში პენსია 50 ლარით - 250 ლარამდე გაიზრდება.

დაგეგმილი ზრდის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფა 2020 წელს 2.23 მლრდ ლარი დაჯდება, რაც 2019 წელთან შედარებით 305 მლნ ლარით მეტია.

ცნობისთვის, პენსიის ინდექსაცია გულისხმობს იმას, რომ ადეკვატური ბალანსი და მიმართება შენარჩუნდეს ინფლაციას, პროდუქციის ფასების ცვლილებასა და საპენსიო თანხას შორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system