თავში

პენსიონერებს სესხები დიდი ალბათობით გაუიაფდება

პენსიონერებს სესხები დიდი ალბათობით გაუიაფდება
პენსიონერებს სესხები დიდი ალბათობით გაუიაფდება

 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნულ ბანკმა, სოციალური მომსახურების სააგენტომ ერთობლივად იმუშაონ იმ მექანიზმებზე რათა პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოხდეს. კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე, ამბობს, რომ ეს ის საკითხია, რომლის ირგვლივაც ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა, უნდა გაერთიანდნენ, ერთობლივად იმუშაონ. 

„ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ“- ამბობს ირაკლი კოვზანაძე. მისი თქმით, პენსიების მატება ეტაპობრივად ხდება. წელსაც, მიუხედავად რთული ეკონომიკური ფონისა პენსიები გაიზარდა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ინდექსაციის კანონის მიხედვით, ყოველწლიურად მოხდება პენსიების მატება ინფლაციის გათვალისწინებით, მინიმუმ 20 ლარის ოდენობით. 

„მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ფაქტია, რომ ფასების ზრდა მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი. ამ ფონს იმ პენსიონერებისთვის, ვისაც სესხი სჭირდება, ამძიმებს სესხზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი“--აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზი გაუსვა, პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს. „გასაგებია, რომ ეს ადვილი საქმე არაა, ერთის მხრივ არიან პენსიონერები, მეორე მხარეს კი არ უნდა დაგვავიწყდეს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და მდგრადობა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა ინახოს გამოსავალი. ამავე დროს არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, რომელიმე კონკრეტული ბანკის თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ, როცა ქვეყანაში პანდემია და ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, მაშინ როდესაც საბანკო სექტორი მთლიანობაში ინარჩუნებს მდგრადობას და მომავალში ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ.,“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოპოზიციის წევრების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მომართვის საფუძველზე საკომიტეტო მოსმენა გამართა. პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და „ლიბერთი“ ბანკის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 30%-ია.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 200%-იდან 33%-მდე ჩამოვიდა.

პენსიონერთა სესხებზე პროცენტი გადაიხედება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მსჯელობენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ადასტურებს, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია, თუმცა იმის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში ანტისაბანკო განწყობები არ უნდა გაღვივდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system