თავში

პეტრას ციხის რეაბილიტაცია 2 მილიონი ლარი დაჯდა

პეტრას ციხის რეაბილიტაცია 2 მილიონი ლარი დაჯდა
პეტრას ციხის რეაბილიტაცია 2 მილიონი ლარი დაჯდა

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა და დღეიდან ისევ შეძლებს უმასპინძლოს ვიზიტორებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ  განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცევა.

"დღეს უკვე განახლებული პეტრას ციხე უმასპინძლებს ვიზიტორებს. 3 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა მუშაობდა ამ პროექტზე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიხარია, რომ განახლებული ინფრასტრუქტურით შევხვდებით ახალ სეზონს. ასევე, აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრას ციხე გახდება როგორც ქობულეთისთვის, ასევე მთლიანად აჭარისთვის ახალი, განახლებული ტურისტული მიმართულება,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პეტრას ციხის კომპლექსში აშენდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი.

აჭარაში წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის 4.3 მლნ ლარი დაიხარჯება. უსაფრთხო ტურიზმის საწარმოებლად დეპარტამენტი კერძო სექტორს გაუწევს სატრენინგო მომსახურებას ყველა კოვიდრეგულაციასთან დაკავშირებით, რისთვისაც  650 000 ლარია გამოყოფილი. აჭარის შიდა და საერთაშორისო პიარკამპანიაზე 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება. ახალი ვებპლატფორმის ასამუშავებლად კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 650 000 ლარს დახარჯავს, ხოლო რეგიონში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად წელს 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება.

ტურიზმიდან წელს, პირველ ოთხ თვეში, იანვარ-აპრილში, საქართველომ 98.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიური კლება 77.5%-ია. მარტში კი ტურიზმიდან ქვეყანამ 29.5 მლნ დოლარი მიიღო, რაც 60%-ით ნაკლებია 2020 წლის მარტთან შედარებით. იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირებული იყო 90%-ზ მეტით. 2021 წლის იანვარ-მარტში ტურიზმის კონტრიბუცია ქვეყნის შემოსავლებში მხოლოდ 53.6 მლნ დოლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system