თავში

პოსტკორონა კრიზისი თაფლის წარმოებაში

პოსტკორონა კრიზისი თაფლის წარმოებაში
პოსტკორონა კრიზისი თაფლის წარმოებაში

თაფლზე მოთხოვნა თითქმის არ არის. მეფუტკრეების ინფორმაციით, სამედიცინო დანიშნულების გარდა, ქართულ ბაზარზე თაფლი იშვიათად იყიდება, რის გამოც დარგს უკიდურესად გაუჭირდა. ერთადერთ გამოსავალს მწარმოებლები ექსპორტში ხედავენ, თუმცა შესაბამისი სერტიფიკატის არქონის გამო თაფლის ქვეყნის გარეთ გატანა შეუძლებელია.

მეფუტკრეობის სფეროს სპეციალისტი, მეფუტკრე როლანდ მირაქაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ პოსტკორონა პერიოდი თაფლის წარმოებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. მისი თქმით, ისედაც შემცირებული გაყიდვა თითქმის გაჩერდა, ხოლო პროდუქტის საბითუმო ფასი 8-10 ლარს არ აჭარბებს, რა ფასადაც იგი დაახლოებით 10 წლის წინ იყიდებოდა.

,,მეფუტკრეობა არ გაჩერებულა, კარანტინის პერიოდშიც ვმუშაობდით. შრომა ისევ უშედეგოა, რადგან რეალიზაციის დიდი პრობლემაა. ზედიზედ სამი წელია, თაფლის მარაგი გვიწყვია - დაგროვილი პროდუქტი, რომლის შიდა ბაზარზე გაყიდვის შანსი მინიმალურია. ხალხს ფული არ აქვს, ისედაც ვერ ყიდულობდნენ და ახლა მით უფრო გაგვიჭირდა რეალიზაცია. წარმოიდგინეთ, 10 წლის წინ თაფლი 8 ლარი ღირდა და ახლაც არ შეცვლილა, ბითუმად 8-10 ლარზე ძვირად თაფლს ვერ ვყიდით. ამ დროს სამომხმარებლო ბაზრებზე ფასი ზოგიერთ პროდუქტზე 10-ჯერ გაიზარდა და 10-ჯერ გაუარესდა ჩვენი ცხოვრების პირობები. ფაქტობრივად, უშემოსავლოდ დავრჩით. ხალხი თაფლს თითო კილოგრამობით თუ იძენდა, ახლა 300 გრამიანი ქილებით ძლივს ყიდულობს. ძალიან თუ არ დასჭირდათ, ექიმმა თუ არ გამოუწერა, იშვიათად ყიდულობენ. ფასისა და რეალიზაციის მხრივ გარე ბაზრებზე მეტი შესაძლებლობაა, მაგრამ ქართულ ბაზარს ვერ გავცდით", - ამბობს როლანდ მირაქაშვილი.

თაფლის ექსპორტს სერთიფიკატის არქონა აფერხებს. როგორც მირაქაშვილმა აღნიშნა, ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობა არ აქვთ, რა ნაწილშიც იგი დახმარებას მთავრობისგან ითხოვს.

,,დარგს გვერდში უნდა, ასე გაგრძელება შეუძლებელია. არ მიგვატოვებენ, რაღაც გაკეთდება, მაგრამ უფრო სწრაფი რეაგირებაა საჭირო. უმაღლესი ხარისხის პროდუქტის რეალიზაციაზე ვსაუბრობთ. ვაწარმოებთ ნატურალურ თაფლს, რომელიც უნდა გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, ყველა სტანდარტი დაცულია, გარდა იმისა, რომ სერტიფიკატი არ გვაქვს. მთავრობის დახმარების გარეშე ამას ვერც მოვახერხებთ", - ამბობს მეფუტკრე.

საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში თაფლის ლაბორატორია ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, რის გამოც სინჯები გერმანიის ან საფრანგეთის ლაბორატორიებში იგზავნება. თითოეული სინჯი შიდა ბაზრისათვის მეფუტკრეს უჯდება 700 ლარამდე, ექსპორტისთვის ეს ხარჯი 3 300 ლარს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system