თავში

პოსტპანდემიისას პრიორიტეტი ფისკალური დეფიციტისა და ვალის შემცირება იქნება

პოსტპანდემიისას პრიორიტეტი ფისკალური დეფიციტისა და ვ
პოსტპანდემიისას პრიორიტეტი ფისკალური დეფიციტისა და ვალის შემცირება იქნება

"თუ პანდემიის ახალი ტალღის გამო მეტი ფისკალური დახმარება იქნება საჭირო, ჩვენი აზრით, პირველ რიგში, ხარჯების ხელახალი პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს. შოკის შემდეგ პრიორიტეტი ფისკალური დეფიციტისა და ვალის შემცირება იქნება," - ასე ფიქრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, სუბირ ლალი. როგორც მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ / IMF) მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა, ქვეყანას ფისკალური დეფიციტი და ვალი პანდემიურმა კრიზისმა გაუზარდა, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოში ასეა.

"არსებულ ეტაპზე 2021 წლის ბიუჯეტი და ფისკალური პოზიცია ვითარების შესაბამისი რჩება. ბიუჯეტი ეკონომიკის დახმარებას დროებითი და მიზანმიმართული ფისკალური მხარდაჭერის პროგრამებითა და მაღალი კაპიტალური დანახარჯებით განაგრძობს. ამასთანავე, ფისკალური წესის მოთხოვნებისადმი აუცილებელი დაახლოება იწყება. ფისკალური მხარდაჭერა ზედმეტად სწრაფად არ უნდა შეწყდეს, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს ეკონომიკის აღდგენა.ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ვალდებულებას საშუალოვადიანი ფისკალური კონსოლიდაციის მიმართ, ფისკალური წესის შესაბამისად. წლების განმავლობაში, პოლიტიკის სანდოობისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის კუთხით საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა, რაც ამ სანდოობის შენარჩუნებასა და შემდგომ განმტკიცებაში დაეხმარება," - განაცხადა სუბირ ლალიმ. 

მისივე შეფასებით, წინა პროგრამის ფარგლებში, მთავრობამ ფისკალური რისკები კიდევ უფრო გამჭირვალე გახადა, რაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშა ბიუჯეტის კანონის თანმხლები ყოველწლიური ‘ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის’ გამოქვეყნებამ. 

სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ოთხწლიანი პროგრამის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ხორციელდებოდა მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, რაც დადასტურდა საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებული გამოშვებით და ინვესტორთა ნდობით. ამასთან, აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საშინაო ვალი 5.9 მლრდ ლარს უტოლდება. ცნობისთვის, შიდავალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევენ და მთავრობას შიდა ვალის აღებას არ ურჩევენ. სპეციალისტების შეფასებით, შიდა ვალის ზრდა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს და ფინანსური სექტორის განვითარებასაც აფერხებს. როგორც ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, საგარეო ვალთან დაკავშირებით ეს რისკი ნაკლებადაა, ხოლო შიდა ვალის შემთხვევაში ეს ფული აკლდება ბანკებს და ეკონომიკის სტიმულირებისთვის მათ რეალურად ნაკლები რჩებათ. ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია არ გააჩნია. არ მუშაობს შიდა ვალის ხარჯვის მექანიზმი, რის გამოც არსებობს საფრთხე, ეს რესურსი არაეფექტურად დაიხარჯოს, რითაც ზარალდება ეკონომიკა და ლარიც კურსიც უფასურდება.

რაც შეეხება საგარე ვალს, 2021 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი 31.92 მილიარდი ლარია. აქ არ შედის ევროობლიგაციების გამოშვებით აღებული სავალო ვალდებულება. 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ვადა ამოიწურა და ამიტომაც მთავრობამ ახალი ევრობონდები გამოუშვა, რითაც 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა, $500 მილიონი დოლარი, დაფარა. ვალი რეფინანსირდა, ანუ მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ევროობლიგაციის რეფინანსირებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულია ქართული საინვესტიციო ბანკებიც, Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი. წინა ევრობონდებისგან განსხვავებით, ახალი ფასიანი ქაღალდების ვადიანობა არა 10 წელი, არამედ 5 წელი იქნება. საქართველოს ევრობონდებში ფული ბრიტანელმა, ევროპელმა და აშშ-ის ინვესტორებმა ჩადეს. ახალი სესზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაზოგავს 350 მილიონ ლარს. ახალი სესხის ვადიანობა 5 წელიწადი, ხოლო წლიური პროცენტი 2,75%-ია. სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი რეგიონში უპრეცედენტოა.  ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ ახალ სესხზე 2.75% კარგი პროცენტი იქნებოდა, ევრობონდები რომ ყოფილიყო ათწლიანი და არა ხუთწლიანი. მათი მტკიცებით, შეცდომაა ევრობონდების 10-წლიანი ვადით არგამოშვება. ცნობისთვის, 2011 წელს, ევრობონდების გამოშვების დროს, $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარს შადგენდა. ხელისუფლება ამ ფასიანი ქაღალდის კუპონზე განაკვეთს 3.0%-3.5%- ფარგლებში ელოდა, რაც წინა 10-წლიანი ობლიგაციის განაკვეთზე (6.875%-ზე) 2.2-ჯერ დაბალი იყო, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი ვალი საქართველომ კიდევ უფრო დაბალ პროცენტში, 2,75-ში აიღო, ანუ 2,5-ჯერ უფრო დაბალ პროცენტში. საქართველოს მიერ გამოშვებულ ახალ ევრობონდზე განაკვეთის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, რადგან საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2011 წელს არსებული “BB მინუსიდან” “BB”-მდე გაუმჯობესდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკება იწყება.

მერვე პროგრამების ფარგლებში IMF-ი საქართველოს მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე აკეთებდა აქცენტს. რა რეფორმების განხორციელება ჩაიდება ახალი პროგრამაში სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების თემად, ჯერ უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system