თავში

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან ეკონომიკური პრობლემები განიხილა

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან ეკონომიკური პრობლემები განიხილა
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან ეკონომიკური პრობლემები განიხილა

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პანდემიით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზები განიხილა. ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მაკროეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მაკროეკონომიკურ საკითხებსა და პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის შექმნილ გამოწვევებზე. განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და COVID-19-ის გავლენა აღნიშნულ სექტორზე.

საუბარი შეეხო კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ ხედვას და ხაზი გაესვა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გააქტიურება, რათა რეალურად ამუშავდეს ბიზნესი და ეკონომიკა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიზნესისადმი მხარდაჭერა და მზადყოფნა მათთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონულ დონეზე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნის მიმართულებით ბიზნესის როლი განსაკუთრებულია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მუშავდება და ამ პროცესში, ბიზნესის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრები გაგრძელდეს ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, მათ შორის განვითარების 10-წლიან გეგმაში მათი ხედვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით.

შეხვედრაში ბიზნესასოციაციის წევრები, საფინანსო სექტორისა და ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system