თავში

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გახსნა

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გახსნა
პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გახსნა

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს (UNWO) სხდომას მასპინძლობს. 

სხდომა სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.

მისალმების შემდეგ მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ესპანეთის საზღვრებს გარეთ, რომელიც სხდომას მასპინძლობს.

„მოგესალმებით საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი და მსურს, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში. ამ გადაწყვეტილების მიღებაში, აღმასრულებელი საბჭოს წევრების ქვეყნებთან ერთად, უდიდესი წვლილი მიუძღვის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მსურს მას პირადად მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით დასაფასებელია დელეგაციების ასეთი წარმომადგენლობითი დასწრება მსოფლიოში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვების გამო“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ პანდემიამ მსოფლიო ტურიზმს უდიდესი ზიანი მიაყენა,გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა წინა წლებში ქვეყანა ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი იყო.

გიორგი გახარიამ საერთასორისო საზოგადოებას განუმარტა, რომ საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე 2 უმთავრესი მიზანი დაისახა: საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ეკონომიკის გადარჩენა.

„ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, სანამ გლობალურად ტურიზმის სექტორის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება. ჩვენ ტურისტულ სექტორს გვერდით ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, შეღავათიანი გადავადებით თუ სხვა ინსტრუმენტით. საქართველომ შეძლო მწვანე სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი. პოსტკრიზისული ეკონომიკის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ რომ ტურისტულ სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული გეგმა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

სხდომას ესწრება report.ge-ს კორესპონდენტიც.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

შეგახსენებთ, საქართველოში UNWTO - ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

შეგახსენებთ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიო ტურიზმის სექტორმა 2020 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 460 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system