თავში

პრემიერი: ბოლო დროს წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭებისგან

პრემიერი: ბოლო დროს წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭებისგან
პრემიერი: ბოლო დროს წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭებისგან

"ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში, იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში – ვაიმე ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი , მოგვეხმარეთ" - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს სურვილი, ღირსება, საქმე გააკეთოს.

„მინდა, გავიხსენო, სამი წლის წინ ვიყავი აქ პირველად და გიორგისთან ერთად რომ გავიარეთ, პატარა ნერგები იყო. სანამ საქმეზე გადავალთ, მარტივი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე მარტივი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები. ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში, იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში – ვაიმე ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი , მოგვეხმარეთ და ის ქენით. რეალურად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ამ ქვეყენაში საქმე გააკეთოს “, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორს არა მარტო საქართველოს შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილება, არამედ ექსპორტზე მუშაობაც შეუძლია.

მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის დროს ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა უფრო ნათლად გამოჩნდა, მაშინ როცა რამდენიმე ქვეყანამ საქართველოში საკვები პროდუქტების ექსპორტი შეაჩერა. პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრს, როგორც კი კრიზისი დაიწყო, მოუწია რაღაც პროდუქტებზე მარაგების გაკეთება.

„ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. არ არის ეს მარტივი, მიწები ძალიან დაქუცმაცებულია. ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან ცოდნის პრობლემა. მაგრამ ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ. სოფლის ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ პანდემიის პირობებში სოფლის მეურნეობის, ისევე როგორც სხვა დარგების აღორძინება ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია.

„უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის ეს ხელწამოსაკრავი და სახუმარო საქმე. ახლა თუ რაღაცას ვაკეთებთ და რაღაც გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო გავუფრთხილდებით ერთმანეთს და დავიცავთ წესებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ეკონომიკა და პირველ რიგში სოფლის მეურნეობა გამოვაცოცხლოთ“, - განმარტა გახარიამ და გაიხსენა ერთი ქეისი, როცა ფერმერმა მას შეხვედრაზე უთხრა, თუ წვეთოვანს მიფინანსებთ, ჭაბურღილიც დამიფინანსეთო. პრემიერის თქმით, მთავრობამ ეს შენიშვნა გაითვალისწინა.

"ასეთი იდეები გვინდა ახლა თქვენგანაც, სხვა ყველაფერი იქნება წუწუნი - ვაიმე, დამეხმარეთ, რა მეშველება, ტურისტი როდის ჩამოვა, გამიუქმეთ ყველა გადასახადი და ა.შ. სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში დაეხმაროს სოციალურად დაუცველს და იმას, ვისაც დახმარება სჭირდება. ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანს უნდა შეუქმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ მან თავის ოჯახს შეუქმნას შემოსავალი და სხვებიც დაასაქმოს და ამის კარგი მაგალითია ეს მეურნეობა“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system