თავში

პრემიერი "ფრონტერას საქმეს" განმარტავს

პრემიერი "ფრონტერას საქმეს" განმარტავს
პრემიერი ფრონტერას საქმეს განმარტავს

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თხოვნით, ინტერესების გათვალისწინებით," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხ კონგრესმენის წერილზე კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერის თქმითვე, საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა გაგრძელდება და საფრთხეს ვერავინ შეუქმნის.

"ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო ან სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში დავა მოვიგეთ, ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ, ვერც თუნდაც ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია, "– ამბობს პრემიერი და ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის ქვეყნა, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით კოოპერირება.

რა ირანულ ნავთობზეა საუბარი წარმოდგენა არ მაქვს, ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება. ერთადერთი ამ წერილიდან ფაქტი რაც არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა, საბოლოოდ. ეს არის ამ ყველაფრის უკან. ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო, ან ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში ჩვენ დავა უკვე მოვიგეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ, ვერც თუნდაც ეს შიდა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია, ამის გამოყენება რანაირადაც არ უნდა სცადონ. საქართველო არის ქვეყნა, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკიდურესად გააღრმავა ევროატლანტიკური მიმართულებით კოოპერირება. ნატო-სთან ჩვენი თანამშრომლობა დღეს არის ისეთ დონეზე, როგორც არასდროს. ჩვენ დღეს ავღანეთში ვართ წარმოდგენილი ისე, როგორც არ არის წარმოდგენილი დასავლეთ ევროპული და დასავლეთის არც ერთი ქვეყანა, ჩვენი ზომის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა ამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებზე,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, eurasianet-ის მიმომხილველი ჯოშუა კუცერა წერს, რომ „ფრონტერას“ ლობისტების ბრალდებებს, საქართველოს ოპოზიციის გარდა, სერიოზულობით არავინ აღიქვამს.

თავად ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა" ოცნების ხელისუფლებას შევიწროებაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ "ფრონტერას" მხრიდან გახშირდა საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებისაკენ მიმართული საჯარო განცხადებები. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" განცხადებითვე , „ფრონტერა“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს.

მანამდე კი,  30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა. 4 მაისს კი „ფრონტერამ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.

კომპანიამ განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას და ინფორმაციას საქართველოს მთავრობა კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

ცნობისთვის, ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება "ფრონტერასთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system