თავში

პრემიერი წელს თხილის საუკეთესო ფასს პროგნოზირებს

პრემიერი წელს თხილის საუკეთესო ფასს პროგნოზირებს
პრემიერი წელს თხილის საუკეთესო ფასს პროგნოზირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წელს თხილის საუკეთესო ფასს აანონსებს. მთავრობის მეთაურს საორიენტაციო ფასი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ აჭარაში, დაახლოებით, 5 ათას ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან.

„აჭარაში ცოტა თხილიც გვაქვს და გახსოვთ ფაროსანასთან ბრძოლის ნაწილიც. ესეც ადამიანზე ზრუნვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, კახეთში, თხილი ცოტა უფრო ბევრი მოდის, მაგრამ წელს აჭარაში დაახლოებით 5 ათას ტონა თხილს ველოდებით. ძალიან კარგი, საუკეთესო ფასი იქნება და აქაც გლეხს ყველანაირად გვერდით დავუდგებით. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე. მთავრობის ვალდებულება უნდა იყოს, გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს, იყოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი, ეფექტიანი და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება, ღირსეულად იშრომოს, თავისი ოჯახის, სოფლის ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. გასაკეთებელი საქმე ყოველთვის ბევრი გვექნება. ზოგიერთებმა თქვეს, პრემიერ-მინისტრმა 8 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე გზა არის დასაგებიო. არა, ბატონებო! ამ გზას ვაგებდით და კიდევ 8 წელი დავაგებთ და ყველა ერთად გავაგრძელებთ შრომას”, - თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველომ თხილის ექსპორტი გააორმაგა.

თხილის მოსავლის პირველი პარტია საქართველოდან გერმანიაში დაექსპორტდა.

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო წელს 50-55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს მოიწევს.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტებით, თხილის ექსპორტის ხაზი ევროპასთან არ გაწყვეტილა. რაც შეეხება მოსავლიანობას და შემოსავლიანობას, თხილის მწარმოებელთა ინფორმაციით, თხილის წლევანდელი ხარისხიანი და ჭარბო მოსავალი ფერმერებს 0,5 მილიარდ ლარის შემოსავალს მოუტანს.

სეზონის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თხილის ღირებულება 9 ლარს მიაღწევდა, თუმცა აგვისტოს დასაწყისში 1 კილოგრამი თხილი 3.50-4 ლარის ფარგლებში იყიდებოდა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია განმარტავს, რომ ფასი კიდევ შეიცვლება, თუმცა, რა მაქსიმუმს მიაღწევს იგი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაზუსტდება.

ცნობისთვის, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია დაახლოებით 25 000 ფერმერს აერთიანებს, ხოლო მათ საკუთრებაში არსებული თხილის ფართობის მოცულობა 30 000 ჰექტარზე მეტს შეადგენს.

შეგახსენებთ, პრემიერმა გახარიამ ლევან დავითაშვილს რთველისა და თხილის სეზონისთვის მაქსიმალური ყურადღება და მზადყოფნა დაავალა.

აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system