თავში

პრემიერმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გამართა

პრემიერმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გამართა
პრემიერმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გამართა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2019-2020 წლების ანგარიში განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, კანონით დადგენილი შეღავათების გასაწევად 2019-2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 157 მილიონამდე ლარი მიიმართა.

კანონით განსაზღვრული მხარდაჭერა გაეწიათ ოჯახებს შვილის შეძენისას; მასწავლებლებს, ექიმებს, ექთნებს, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს და დაფინანსდა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათი.

საბჭოს სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ასევე წარადგინეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიში.

ანგარიშის თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან 19 მუნიციპალიტეტში სულ დაფინანსდა 21 პროექტი, მათ შორის: გზის, წყალმომარაგების, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვა პროექტები.

2.98 მლნ ლარით დაფინანსდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამა, დაახლოებით 8,5 მლნ ლარი კი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებებს მოხმარდა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 797 დასახლებას (საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 48 %), მათ შორის 9 ქალაქს, 21 დაბას და 1 767 სოფელს. ამ დასახლებებში, 2014 წლის აღწერით, ცხოვრობს 358.4 ათასამდე ადამიანი (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9%). 2021 წლის მარტის მონაცემებით, სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 258.4 ათასი ადამიანი და 439 საწარმო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system