თავში

პურზე ფასის შესანარჩუნებლად მთავრობას სუბსიდიის გაზრდა მოუწევს

პურზე ფასის შესანარჩუნებლად მთავრობას სუბსიდიის გაზრდა მოუწევს
პურზე ფასის შესანარჩუნებლად მთავრობას სუბსიდიის გაზრდა მოუწევს

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარის განცხადები, სახელმწიფომ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სახელით დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას.

ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ რუსეთის მიერ 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებასა და საბაჟო ტარიფების ზრდა შეაფასა. მან განმარტა, რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი ხორბლის, ფქვილისა და პურის ადგილობრივ ფასზე.

როგორც სილაგავა აცხადებს, რუსეთის მიერ ხორბლის მიწოდების ფასის ზრდა საქართველოზე ნეგატიურად აისახება, საერთაშორისო ბირჟებზე კი აღნიშნულმა სერიოზული რყევები გამოიწვია.

მისივე თქმით, ხორბლის სუბსიდირების პროგრამის წყალობით,  პურის ფასი პირველ თებერვლამდე არ გაიზრდება. 

რაც შეეხება პირველი თებერვლის შემდგომ პერიოდს, პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფოს მხრიდან 10 - ლარიანი სუბსიდირება საკმარისი აღარ იქნება. სილაგავას თქმითვე, ფქვილის გაძვირებას ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაც. მისივე განმარტებით, გაძვირებული კომუნალური ტარიფები 1 ტომარა ფქვილზე ფასს გაზრდის და ელექტროენერგიის კომპონენტის სუბსიდირების თვალსაზრისითაც 1 ტომარა ფქვილის ფასი 1-1.50 ლარით გაიზრდება.

„გაძვირებული ტარიფების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირების 50%-ს სახელმწიფო სუბსიდირებით აფინანსებს 1 წლის განმავლობაში, მათ შორის, შედიან წისქვილკომბინატებიც, 1 ტომარა ფქვილზე გაძვირება სუბსიდირების ჩათვლით მაინც ხდება. ჩვენი გათვლებით 1-1.50 ლარის ფარგლებში. ელექტროენერგიის კომპონენტი, მათ შორის, დასუბსიდირებული, სამწუხაროდ, მაინც აძვირებს 1 ტომარა ფქვილს“,-აცხადებს სილაგავა და დასძენს, რომ დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ის რომ 68 ლარია თავისუფალ ბაზარზე, მომავალ 2 თვიან ტენდენციაში 10 - ლარიანი სუბსიდირება აღარ ყოფნის. 

"დღევანდელი პროგრამა რომელიც მუშაობს, პურის ფასს დადასტურებულად არ აძვირებს პირველ თებერვლამდე. რაც შეეხება მეორე ტენდერის პირობებს, თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა, სახელმწიფო არ წავიდა პირობების შეცვლის კუთხით, ფასი იქნება საბაზრო და საბაზრო ფასის პირობებში პურის ფასიც გადაიხედება. თუმცა, სახელმწიფომ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის სახელით დაადასტურა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს პურის გაძვირებას, გადაიხედება ტენდერის პირობები, რომ არ გაძვირდეს პური და მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება ან სხვა მექანიზმზე იქნება საუბარი“,-აცხადებს სილაგავა.

შეგახსენებთ, ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა.  გამოცხადდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად ექვსი კომპანიის მიერ 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით განხორციელდა 40,000 ტონა სასურსათო ხორბლის იმპორტი. სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 4 მლნ. ლარზე მეტი.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია.

ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ერთ თვეში მარცვლეული 2.5%-ით გაძვირდა. წლიურ ჭრილში კი მარცვლეული მსოფლიოში 19,9%-ითაა გაძვირებული.

სახელმწიფო ფქვილის სუბსიდირებაზე 10 მილიონამდე ლარს დახარჯავს, რის გამოც პურზე ფასი არ გაიზრდება.

ცნობისთვის საქართველოში პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნება მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირების წყალობით მოხერხდა. სუბსიდირების არარსებობის შემთხვევაში, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

მანამდე სუბსიდირებისკენ მოუწოდა მთავრობას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთან ერთად. მათ მთავრობას ღია წერილით მიმართეს.

შეგახსენებთ, მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზაობას მუდამ გამოთქვამდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს რამდენჯერმე შეხვდა.

საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და, ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

მინისტრი დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა გარანტირებულია.

ცნობისთვის, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system