თავში

ყავის რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა

ყავის რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა
ყავის რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა

ადგილობრივ ბაზარზე ყავის რეალიზაციამ მნიშვნელოვნად იკლო. როგორც იმპორტიორები განმარტავენ, იმპორტიც საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით ახერხებენ. სერიოზული პრობლემაა უცხოურ ბაზრებზე, სადაც მოსავლის აღება ჭირს და ყავის დეფიციტს ელოდებიან. იმ ფონზე, როცა გლობალურ ბაზრებზე ყავა ძვირდება, იმპორტიორები საფასო ცვლილებას ჯერჯერობით არ ჩქარობენ. განსაკუთრებით იმ კომპანიებს უჭირთ, რომლებიც ეპიდემიამდე სასტუმროებსა და რესტორნებს ამარაგებდნენ. 

ერთ-ერთი ფრანგული კომპანიის საქართველოს წარმომადგენელი ემილი გოგოხია ამბობს, რომ რეალზიაცია მკვეთრად შეუმცირდათ და ონლაინ გაყიდვა სცადეს, რამაც ვერ გაამართლა.

,,მოთხოვნა გაჩერებულია, სასტუმროებს და რესტორნებს ვამარაგებდით და ამ სეგმენტის დაკეტვამ ჩვენი ბიზნესიც დააზარალა. მიუხედავად ამისა, ყავის გაძვირებას არ ვგეგმავთ, ფასს ჯერჯერობით ვინარჩუნებთ.  პარტნიორ კომპანიებთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ არ გაგვიძვირონ, მეტიც, საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო მომწოდებლებმა კურსის კომპენსირებაც კი შეიძლება მოახდინონ, რაც არათუ ფასის შენარჩუნების, კლების შესაძლებლობასაც მოგვცემს. საკმაოდ მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ვართ და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ყავას არ გავაძვირებთ. სავარაუდოდ, მოგების მარჟის შემცირება მოგვიწევს. შევეცდებით, როგორმე რეალიზაცია გავააქტიუროთ, როგორც კი ეპიდემია გადაივლის. ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვა ვცადეთ, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა, დღესდღობით ესეც ჭირს", - ამბობს იმპორტიორი.

როგორც report.ge-მ გაარკვია, მიწოდების მხრივ სუპერმარკეტებში პრობლემა ნაკლებად შესამჩნევია, რადგან მარაგი ჯერ კიდევ აქვთ. 

,,ყავის მიმართ მოთხოვნა შემცირდა, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო. ეპიდემიის გამო მომხმარებელი ძირითადი პირველადი მოხმარების პროდუქტებს ყიდულობს, რაც ყავის გაყიდვაზეც აისახა. მასშტაბური კლება არ არის, თუმცა ტენდენცია მაინც შესამჩნევია. ამ ეტაპზე ყავის საკმარისი რაოდენობა გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში, დისტრიბუცია მოგვამარაგებს, ამ მხრივ პრობლემას არ გვემუქრება. რაც შეეხება ფასს, ცოტა ხნის წინ კურსის გამო ისედაც გავზარდეთ და ჯერჯერობით ცვლილებას არ ვგეგმავთ ", - ამბობს ცირა ქასრაშვილი, ერთ-ერთი მსხვილი ქსელური სუპერმარკეტის მენეჯერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system