თავში

ყოველი კვირის თავზე მოხდება დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი - ნათია თურნავა

ყოველი კვირის თავზე მოხდება დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი - ნათია თურნავა
ყოველი კვირის თავზე მოხდება დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი - ნათია თურნავა

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურისტული ინდუსტრიისთვის, რესტორნებისთვის და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის, თუ რა ლოგიკით მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე საბოლოო გადაწყვეტილებები ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის შეზღუდვების გახსნისთვის საჭირო კონკრეტული კრიტერიუმები ეპიდემიოლოგებმა დაასახელეს და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ეგრეთ წოდებული, დადებითობის მაჩვენებელია.

ნათია თურნავას განმარტებით, ეს კრიტერიუმი ბიზნესისთვის გამჭვირვალე და გასაგებია. ასევე საუბარი შეეხო უკვე არსებულ შემსუბუქებას, მაგალითად აჭარაში, სადაც 1-ლი თებერვლიდან სარესტორნო ღია სივრცეები იწყებს ფუნქციონირებას, იხსნება სკოლები.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები იხსნება, ცოტა ხანში გაიხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები და ესაა საკმაოდ თამამი პირველი ნაბიჯები. ამასთან, როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია ტემპს იკრებს, ჯერ კიდევ არ არის დაძლეული პანდემია და პერიოდულად სხვადასხვა ევროპული და არა მარტო ევროპული ქვეყანა, შეზღუდვების დაწესებას მიმართავს. ამიტომ გარანტია ჯერჯერობით არ არსებობს და ჩვენ მივდივართ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით. რაც მთავარია, ლოგიკა ავუხსენით ბიზნესებს და გვესმის, რომ ეს ლოგიკა კი არის გასაგები, მაგრამ შეიძლება კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბევრს არაფერს აძლევს, რადგან მართლაც ძალიან გასაჭირში არიან, სეზონი პრაქტიკულად იკარგება, თუმცა ისიც ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა და უახლოეს პერიოდში არგახსნა ჩვენი ნება-სურვილი არაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, არის მიდგომა, რომ გადაწყვეტილება არა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნას მიღებული, არამედ რეგიონ-რეგიონ მოხდება სიარული, ყოველი კვირის თავზე დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად სხვა დარგების გახსნის დამატება.

„ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს, არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც სოფლის მეურნეობა, არც მომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რისკის მატარებლად არიან მიჩნეული და იმათაც ეხლა ვხსნით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system