თავში

ყურძნის ჩაბარებისას ფერმერებს რიგში დგომა უწევთ

ყურძნის ჩაბარებისას ფერმერებს რიგში დგომა უწევთ
ყურძნის ჩაბარებისას ფერმერებს რიგში დგომა უწევთ

"ვადასტურებ, რომ ყურძნის ჩაბარების დროს ფერმერებს რიგში დგომა უწევთ, თუმცა ვერავინ დამისახელებს ვერცერთ წელს, როდესაც რიგის გარეშე ჩაუბარებიათ ყურძენი. მთავარია, რომ ისინი ახერხებენ ჩაბარებას," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, წელს საქართველოში ყურძნის ისტორიული მოსავალია. მინისტრი დარწმუნებულია, რომ წლევანდელი რთველის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ არცერთი კილოგრამი არ გადაიყრება და ყველაფრის ანაზღაურებას მიიღებს ფერმერი.

"საკმაოდ დიდი რესურსების მობილიზება მოხდა იმისთვის, რომ წელს რთველი საქართველოში ჩატარებულიყო ისე, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენილიყო და ფერმერს მოეხერხებია თავისი შრომის ანაზღაურების მიღება. პროგნოზირებადია ყველაფერი, ფასებია დაჭერილი და საკმაოდ მაღალი ფასებია კოვიდიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ სულ არის რიგები, სწრაფად ივსება საწარმოები, ფაქტობრივად, ჩვენ მთელი მოცულობების დაკავება მოგვიწევს, რომ წლევანდელი რთველი ჩავატაროთ და ყურძენი დავაბინაოთ ბოლომდე," - ამბობს მინისტრი დავითაშვილი.

შეგახსენებთ, კახელი გლეხები წლევანდელი რთველის მიმდინარეობით კმაყოფილი არიან, თუმცა მათთვის დიდი დისკომფორტია, რომ გრძელს რიგებში უწევთ დგომა. მათი თქმით, დისკომფორტის გარდა, რიგში გდომისას ზიანდება მოკრეფილი ყურძენიც, რაც მათ ფინანსურად აზარალებთ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს 28 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 200 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 ათასი ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. რეალიზებული ყურძნის ღირებულება 204 მლნ ლარს აღწევს. გადამუშავებულ ყურძენს შორის 142 ათასი ტონა რქაწითელია, 48 ათასი ტონა-საფერავი, 3,4 ათასი ტონა-კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

რთველის დაწყებიდან ყურძნის გადამუშავების პროცესში 165 ღვინის საწარმო იყო ჩართული. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 8 ათასი ტონის ფარგლებშია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აქტიური რთველი ამ ეტაპზე საგარეჯოში გადაინაცვლებს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველის ინტენსივობა უკვე თანდათან მოიკლებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system