თავში

"ყველაზე მდგრადი და წარმატებული სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა"

"ყველაზე მდგრადი და წარმატებული სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა"
ყველაზე მდგრადი და წარმატებული სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა

"პანდემიის მიერ საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებისადმი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და შედეგიანობის მიხედვით, წარმატებული დარგი სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა. - საქმიანობის აღნიშნულმა სფერომ ფაქტობრივად შეძლო არა თუ წინა წლის ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნება, არამედ საგრძნობი წარმატებების მიღწევა როგორც წარმოების მასშტაბების, ისე საგარეო ექსპანსიის მხრივ," - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებულ აქტივობებს 2020 წელს. 

ექსპერტი ამბობს, რომ სექტორის შესაქებად საკმარისია ითქვას, რომ წლის პირველ ნახევარში (უფრო გვიანდელ პერიოდზე მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა) ქვეყნის აგრარულ სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.2 პროცენტით, მაშინ როდესაც ქვეყნის მთლიანი მშპ შემცირდა 5.6 პროცენტით. წლის მეორე ნახევარში სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით (წარმოება, დამზადება, ექსპორტი...) ქვეყნის სოფლის მეურნეობაში მიღწევები გაცილებით შთამბეჭდავი უნდა იყოს. 

"მაგალითად, მხოლოდ აგრარული პროდუქციის ექსპორტის ღირებულება (აშშ დოლარებში) იანვარ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.8 პროცენტით, მათ შორის თხილის - 49.6 პროცენტით, ხოლო ახალი ხილისა - 62.5 პროცენტით; ყურძნის ჩაბარების შედეგად მევენახეების მიერ მიღებული ანაზღაურება გასულ წელთან შედარებით თითქმის 1.3-ჯერ გაიზარდა და ა.შ. 2012 წელთან შედარებით ამ სფეროში შექმნილი დამატებული ღირებულება 44 პროცენტით, ხოლო აგრარული საქმიანობით დაკავებულ ბიზნეს-სექტორში პროდუქციის გამოშვება - 1.6-ჯერ და მეტად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მარცვლეულის მოხმარებაში იმპორტს 85 პროცენტზე მეტი უჭირავს, ხოლო გლობალურ აგრარულ ბაზრებზე პანდემიის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები, საქართველოში პურისა და სხვა სასურსათო საქონლის რაიმე დეფიციტი მთელი პერიოდის მანძილზე ერთხელაც არ დაფიქსირებულ. ინფლაციის მაჩვენებელში, რომელიც აღნიშნულ პერიოდში 1.8-ჯერ შემცირდა (7.0%-დან 3.8%-მდე) სურსათზე ფასების მატების გავლენამ კი არ მოიმატა, არამედ იკლო ( 57.4%-დან 50.5%-მდე). ეს ცალსახად კარგად სტრუქტურირებული აგრარული ბაზრის, წარმოებისა და მოწოდების დივერსიფიცირებისა და იმ რეფორმებისა და სუბსიდირების დამსახურებაა, რაც ბოლო წლებში განხორციელდა სოფლის მეურნეობაში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შუფერხებლად წარმოებისა და მაღალი მოსავლიანობის მიღწევაში არსებითი როლი შეასრულა ანტიკრიზისული ღონისძიებების ფორმატში აგრარული წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ფერმერული, გლეხური მეურნეობების მხარდასაჭერად გამოყოფილმა 300 მილიონი ლარის სუბსიდიამ და სასოფლო-სამეურნეო წარმოებით დაკავებული პირებისათვის ფინანსური რესურსებისადმი წვდომის არსებითმა გაიოლებამ," -განმარტავს არჩვაძე და დასძენს, რომ  წარმატების გასაღები არის თავისთავად არა სუბსიდია, ან ხელსაყრელი კლიმატური პირობები, არამედ თანმიმდევრული აგრარული პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება აგრარული წარმოების ეფექტიანი ორგანიზების, სელექციის, სტიმულირებისა და პრეფერენციების თანამედროვე გამოცდილებას და მიღწევებს. ექსპერტის შეფასებით, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა უკვე იძლევა თვალშისაცემ შედეგს, რომელსაც მზარდი და შეუქცევადი ხასიათი აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system