თავში

რა აბრკოლებს ქართული თუთუნის ექსპორტს

რა აბრკოლებს ქართული თუთუნის ექსპორტს
რა აბრკოლებს ქართული თუთუნის ექსპორტს

არსებობს 3 მიზეზი, რის გამო საქართველოში თუთუნის ექსპორტს პერსპექტივა არ აქვს. ამის შესახებ report.ge-ს აგროექსპერტმა პაატა აროშიძემ განუცხადა და თუთუნის ექსპორტის შემაფერხებელი გარემოებები დაასახელა. კერძოდ, აქციზის მაღალი გადასახადი, მცირე წარმოება და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები თუთუნის ექსპორტისთვის დიდი დაბრკოლებაა. როგორც აროშიძე ამბობს, აჭარის რეგიონში თუთუნის წარმოება კუსტარულად ხდება, მიზერული რაოდენობით მოჰყავთ და მთლიანად ადგილობრივი წარმოების იმედადაა.

,,ქართული თუთუნი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ ექსპორტზე ძალიან მცირე რაოდენობით გადის. რამდენიმე დამაბრკოლებელი მიზეზია, რის გამოც ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მეთამბაქოეობას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს საქართველოში. თუმცა ზემო აჭარაში, განსაკუთრებით ქედის მუნიციპალიტეტში დღესაც შეხვდებით თუთუნის პლანტაციებს და კუსტარულ წარმოებას. აგრარულ ბაზრებში იგი სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე იყიდება. სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი წარმოებისთვის მოყვანილი თუთუნი აქციზით არ იბეგრება, მაგრამ სარეალიზაციო პროდუქტი დაბეგვრას ექვემდებარება. ამ მეურნეობის სრულად განვითარებას ესეც ხელს უშლის. შეიძლება ითქვას, რომ დარგში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თვითონ თამბაქოს მრეწველობა დისკრედიტირებულია მთელ მსოფლიოში, გადასახადი და აქციზის განაკვეთი მაღალია და ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეოაბში აგდებს სფეროს", - აცხადებს აროშიძე.

მისი თქმით, აჭარაში წარმოებული თუთუნი ადგილობრივ წარმოებაშიც არ გამოიყენება, რადგან მან სამრეწველო დანიშნულება დაკარგა.

,,თუთუნის ტრადიციული მეურნეობები იყო აჭარაში, სახელმწიფო იბარებდა და ხალხიც მისი მოყვანით დაინტერესებული იყო. მეტიც, ლაგოდეხის თამბაქო საუკეთესოდ მიიჩნეოდა და იყო პერიოდი, როცა ,,მალბორო" და ,,ფილიპ მორესი“ იყენებდა თავის წარმოებაში, მაგრამ მას დღეს სამრეწველო დანიშნულება დაკარგული აქვს. თვითონ ქართული წარმოებაც კი აღარ იყენებს. თუმცა, რაც სიგარეტის ფასი მატულობს, ადამიანების გარკვეული რაოდენობა გადადის თუთუნზე და მრეწველობას ეს ასულდგმულებს. აჭარული თუთუნი არათუ რეგიონის, ქედის მუნიციპალიტეტის მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს. ექსპორტის მიმართ კი ბიზნესს არანაირი ინტერესი არ აქვს, რადგან მაღალი აქციზით იბეგრება, რასაც ემატება ექსპორტიორ ქვეყანაში დაწესებული გადასახადი, რაც თვითღირებულების ხარჯს ზრდის. მით უმეტეს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, არ შეგვიძლია თამბაქოს ევროპულ ქვეყნებში გატანა", - დასძენს report.ge-თან პაატა აროშიძე. 

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მდგომარეობით, თამბაქოს კულტურას რეგიონში 92 ჰა უჭირავს. თამბაქოს კულტივირებით აჭარაში 1 000 ოჯახია დაკავებული. ამ მიზნით გამოყენებული საოჯახო მეურნეობების ფართობები 500-დან 3 000 კვ.მ-მდე მერყეობს. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროდუქციის რეალიზება ხდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ბაზარზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system