თავში

რა აძვირებს რძეს

რა აძვირებს რძეს
რა აძვირებს რძეს

მეწარმეების ინფორმაციით, რეგიონებში რძის პირველადი წარმოება ბოლო 2 თვეში განახევრებული და უფრო მეტადაც შემცირებულია. პრობლემა განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოშია, სადაც report.ge-ს აცნობეს, რომ საქონლის პროდუქტიულობა დაეცა, რის გამოც წარმოების ტემპმა კატასტროფულად იკლო. დედოფლისწყაროში მცხოვრები ფერმერი, რძის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელი ბესიკ თოფმაჯიშვილი პროდუქტიულობის შემცირებას გვალვას უკავშირებს და ამბობს, რომ მოწოდებამ იკლო შინამეურნეების მხრიდანაც და წარმოება გამოუვალ სიტუაციაშია. 

,,დღესდღეობით მესაქონლეობა დიდ გასაჭირშია, რადგან ხალხს საქონლის შენახვის ელემენტარული საშუალება არ აქვს და არც სტიმული, რაც საბოლოოდ წარმოებაზე ნეგატიურად აისახება. გვალვაა რაიონში, საქონლის პროდუქტიულობამ იკლო, წარმოება იმდენად შემცირდა, რომ მესამედსაც ვერ ვიბარებთ იმასთან შედარებით, რაც თუნდაც 1 ან 2 თვის წინ იყო. დღიურად 5 ტონას ვამუშავებდით, ახლა 2 ტონასაც ვერ ვახერხებთ. ასეთ პირობებში ცხადია, რომ რძე გაძვირდება. ხარჯს ვერ ავუდივართ. იკლო შინამეურნეების მხრიდან მოწოდებამ, თუკი აქამდე ოჯახი ახერხებდა, რომ 30 ლ. რძე ჩაებარებინა. 10 ლ. პროდუქტის გაყიდვას ძლივს ახერხებს. ძალიან რთული სიტუაციაა. მარტო მცდელობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს. შეიძლება ითქვას, რომ არც სტიმული აქვთ, მოსახლეობა სოციალური დახმარების იმედადაა და წარმოების ზრდით არ არის დაინტერესებული. ასეც რომ არ იყოს, არც გარემო პირობები გვიწყობს ხელს, ადრე საქონელი საძოვრებზე გადიოდა, ახლა ბალახი გადახმა, არც კი ვიცი, ამ ვითარებაში რა უნდა გაკეთდეს, პერსპექტივას ვერ ვხედავ. მინდვრები თუ არ მოირწყა, რეალურად არაფერი გამოვა. დასალევი წყლის დეფიციტია, წყალს ადამიანი პირადი საჭიროებისთვის ვერ იყენებს და საძოვრებს როგორ უნდა მოუარონ?!  ძალიან გაგვიჭირდა და ასე თუ გაგრძელდება კლება, მუშაობის გაჩერება მოგვიწევს", - ამბობს ბესიკ თოფმაჯიშვილი, 

რძის გაძვირების შესახებ ინფორმაციას ,,მერძევეობა საქართველოში" ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს პირველად ვხვდებით ივნისის თვეში 1.00 ლარზე მაღალ ფასებს. კომერციულ ექსტ. ფერმებისთვის, შემთხვევათა 40%-ში რძე 1.10 ლარზე ძვირად იყიდება შარშანდელთან შედარებით, ნედლი რძე გაძვირებულია ორივე ჯგუფში: შინამეურნეობებში 5%-ით, კომერციულ ექსტ. ფერმებში კი - 13%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system