თავში

რა აძვირებს საპენსიო სესხებს

რა აძვირებს საპენსიო სესხებს
რა აძვირებს საპენსიო სესხებს

"ეს არ არის ჩვეულებრივი სესხი, ეს შედარებით მაღალრისკიანია, არ არის უზრუნველყოფილი, ამიტომ ალბათ, პირველ რიგში, ბანკის პოზიცია უნდა გავიგოთ, თუ რისგან შედგება ეს საპროცენტო განაკვეთი და რატომ არის ის ისეთი, რაც დღეს არის“, - ასე ხსნის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საპენსიო სესხებზე შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეტებს. მისივე თქმით, უმჯობესია, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი იყოს, მათ შორის არა მხოლოდ პენსიონერების, არამედ ზოგადად, თუმცა ბანკის პოზიცია გასათვალისწინებელია. 

„ყველა ვთანხმდებით, რომ 30 და კიდევ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი მაღალია, ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ პენსიონერებზე. 5 ათას ლარამდე სხვა მოქალაქეების სესხების საპროცენტო განაკვეთებსაც იგივე მაჩვენებლები აქვს," - ამბობს კაკაურიძე.

დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოპოზიციის წევრების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მომართვის საფუძველზე საკომიტეტო მოსმენა გამართა. პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და „ლიბერთი“ ბანკის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 30%-ია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 200%-იდან 33%-მდე ჩამოვიდა.

პენსიონერთა სესხებზე პროცენტი გადაიხედება. დიდი ალბათობით, პენსიონერებს სესხები გაუიაფდება.  პსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნულ ბანკმა, სოციალური მომსახურების სააგენტომ ერთობლივად იმუშაონ იმ მექანიზმებზე რათა პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოხდეს.  

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მსჯელობენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ადასტურებს, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია, თუმცა იმის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში ანტისაბანკო განწყობები არ უნდა გაღვივდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system