თავში

რა აფერხებს ბიოპროდუქტების წარმოებას საქართველოში - Exclusive

რა აფერხებს ბიოპროდუქტების წარმოებას საქართველოში
რა აფერხებს ბიოპროდუქტების წარმოებას საქართველოში - Exclusive

სოფლის მეურნეობაში ბიოპროდუქტების წილი 1 %-ს არ აღემატება. საქართველოში ბიოპროდუქტს 110 კომპანია აწარმოებს. 70 კონვერსიული მეურნეობა სერტიფიცირების სამზადისშია. ბიოპროდუქტის რეალიზაცია ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებშია, სადაც მოთხოვნა უმეტესწილად კენკროვან კულტურებსა და სამკურნალო ფოთლებზეა. ევროპულ ბაზრებზე გადის ასევე ბიო თხილი, დაფნა  და ჩაი.

ბიოპროდუქტების დაბალი წარმადობა ექსპორტზეც აისახება. არსებული მონაცემით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ბიოპროდუქტის ღირებულაბამ 1 მლნ დოლარი შეადგინა. 

ბიოწარმოება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, განვითარებული ქვეყნებისთვისაც, სადაც ასეთი პროდუქტის წილი დაახლოებით 10-15%-ია ფარგლებშია.

სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, თენგიზ კალანდაძის თქმით,  შემუშავებულია ბიოწარმოების თანდაფინანსების ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის თანდაფინანსებაზე ორიენტირებული სხვა პროექტების მსგავსად, პროექტების მართვის სააგენტო მართავს. პროგრამა რვა კომპონენეტისგან შედგება და ყველაზე პრობლემური საკითხების ხელშეწყობას ითვალისწინებს. 

„ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში გათვალისწინებული იქნება რვა სახის დამხმარე კომპონენტი და თანადაფინანსებით შევალთ ყველგან, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა აქვს სექტორს. პირველ რიგში, სადაც შევალთ თანადაფინანსებით, ეს არის განათლება, რომლის გარეშეც ვერაფერს გააკეთებ. ამ მხრივ იქნება თანადაფინანსება, რომ უცხოელი ტრენერების დახმარებით ჩვენს ფერმერებს ტრენინგები ჩავუტაროთ და მოვაწყოთ საზღვარგარეთ სასწავლო ტურები. როგორც ვიცით, ბიოპროდუქტების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ხარჯები არის თვითღირებულების 50 პროცენტი და აქ შევდივართ თანადაფინანსებით, რომ ფერმერებს შევუმსუბუქოთ ტვირთი. ასევე მოვახდენთ იმ საწარმოების თანადაფინანსებას, რომლებიც ბიოსასუქებს აწარმოებენ. გარდა ამისა, განვახორცელებთ იმ საწარმოების თანდაფინანსებას, რომლებიც ბიოსაწყობებსა და ბიომაცივრებს მოაწყობენ. “, – ამბობს კალანდაძე.

როგორც მან report.ge-ს განუცხადა, ევროკავშირის ბაზარზე ნატურალურ და ბიოპროდუქტებზე მზარდი მოთხოვნაა. ბიოსერტიფიკატი მეწარმეებს ევროპელი პარტნიორების მოძიებასა და პროდუქტის რეალიზებაში ეხმარება. ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზრებზე გადის ბიოთხილი, ძირტკბილას ფესვები, მაყვლის ფოთლები, მშრალი ჭინჭარი, ასკილი, ქაცვი, ჩაი და სხვა. მათ შორის ველურად მზარდი მცენარეები. 

მეწარმეებს ბიომეურნეობის შექმნის და სერტიფიცირების მომსახურებას ,,ბიოსსერტი"  სთავაზობს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ზურაბ ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ სერტიფიცირებულ კომპანიებს შორის არიან ღვინის მწარმოებლებიც, თუმცა დიდია ასევე მოთხოვნა მეხილეობა-მემცენარეობის მიმართულებითაც.

,,დღეის მონაცემით, საქართველოში 110 კომპანიაა სერტიფიცირებული, ისინი გადანაწილებული არიან სხვადასხვა სექტორში. 60 კომპანია ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ ბიოლოგიურ წარმოებაზე გადასასვლელად პროცედურას გადის. ჩვენს ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შვეიცარიაში. თუმცა მეწარმისთვის სერტიფიცირების გავლა მაღალი ხარჯის გამო დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდამჭერი პროექტების არსებობა. ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგმულია და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი საქმიანობით მეტი შედეგის დადებას შევძლებთ", - აცხადებს ნადარეიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system