თავში

რა აფერხებს დასაქმებას? - საზოგადოებისა და ბიზნესის აზრი სხვადასხვაგვარია

რა აფერხებს დასაქმებას?
რა აფერხებს დასაქმებას? - საზოგადოებისა და ბიზნესის აზრი სხვადასხვაგვარია

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61% თავს დასაქმებულად არ თვლის, 38%-ს კი თავი დასაქმებულად მიაჩნია. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული - მთავარია საქმიანობას მოჰქონდეს შემოსავალი. წინა კვლევასთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.

კვლევის მიხედვითვე, ვინც თავს დაუსაქმებლად თვლის, მათი 34% თავს უმუშევრად მიიჩნევს და ეძებს სამსახურს. ენ-დი-აი მიუთითებს, რომ ეს მთლიანი მოსახლეობის 21%-ს შეადგენს.

9% უმუშევარია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ არ ეძებს სამსახურს. 26% არის პენსიონერი და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით.

უმუშევრობის მიზეზებს შორის 22% ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, 19% ამბობს, რომ სხვა მოვალეობები უშლის ხელს მუშაობაში. 23% მთლიანი მოსახლეობისა, ამბობს, რომ ვერ პოულობს სამსახურს და ამის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის: კავშირების უქონლობა, ასაკი და სხვა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარადა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.

კვლევაში გამოკითხულებს დასაქმების შემაფერხებელ ფაქტორად მუშახელის დაბალი კვალიფიკაცია არ დაუსახელებიათ.

Report.ge დაინტერესდა, ამ საკითხზე რას ფიქრობს ბიზნესი.

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციაში დასაქმების შემაფერხებელ მიზეზად შრომის ბაზარზე კვალიფიკაციის დეფიციტს ასახელებენ. ასოციაციის წევრის, შპს "ჯეოკეპის" ხელმძღვანელმა ენრიკო მოსულიშვილმა, Report.ge-ს განუცხადა, რომ წარმოების დაწყებისას კადრის მომზადებაში 150 ათასი ლარი დახარჯა. შპს "ჰერბიაში" გვითხრეს, რომ კომპანია კვალიფიციურ აგრონომს წლები ეძებდა და იმის გამო რომ ვერ იპოვეს, იძულებული გახდა, ორი თანამშრომელი, ესტონეთში თავად გადაემზადებინა, რაც 20 ათასი დოლარი დაუჯდა.

როგორც აგრობიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, შრომის ბაზარზე მცირეა მაღალკვალიფიციური ვეტერინარების რაოდენობაც. "შარდომეთის" დირექტორი, როსტომ კერვალიშვილი Report.ge-ს უყვება, რომ კვალიფიციურ ვეტერინარს 6 თვე წარუმატებლად ეძებდა. ბოლოს კადრის მომზადება თავად გადაწყვიტა. გერმანიაში, ავსტრიასა და ჰოლანდიაში ვეტერინარის თითო თვიანი ტრენინგები 2 თანამშრომლისთვის კომპანიას სულ 50 ათასი დოლარი დაუჯდა.

"ამჟამად 2 მაღალკვალიფიციური ვეტერინარი მყავს, მაგრამ კომპანიას ამისთვის დიდი ხარჯის გაღება მოუხდა. ის, ვინც ამბობს, რომ ვერ საქმდება, რატომ არ ცდილობს ისწავლოს ის ხელობა, რაც ბაზარზე მოთხოვნადია. რატომღაც ყველა უნივესიტეტისკენ ისწრაფვის, პროფესიას არავინ ეუფლება. ქვეყანაში საკმარისი პროფესიული სასწავლებელია, სადაც სწავლა უფასოა. აბიტურიენტებს არ აინტერესებთ ეს პროფესიები.არადა, დღეს დასაქმების რეალური შანსი სწორედ აქაა. ჩემს მსგავსად ბევრს აქვს კადრების დეფიციტი. რეალურად ბიზნესისთვის პრობლემაა მუშახელის დაბალი კვალიფიკაცია," - ამბობს "შარდომეთის" დირექტორი, როსტომ კერვალიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში სულ 67 ავტორიზებული პროფესიული სასწავლებელი მოქმედებს, აქედან 17 სახელმწიფოა, 6 - სახელმწიფოს თანამონაწილეობით დაფუძნებული, 45 -კერძო.

პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია 2013-2020 წლებზეა გაწერილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system