თავში

რა აფერხებს სასათბურე მეურნეობების განვითარებას

რა აფერხებს სასათბურე მეურნეობების განვითარებას
რა აფერხებს სასათბურე მეურნეობების განვითარებას

სასათბურე მეურნეობების მიმართ ინტერესი მატულობს, თუმცა დარგი განვითარებას მაინც ვერ ახერხებს. მეწარმეები ამის მიზეზად ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სირთულეს ასახელებენ. იმის გამო, რომ კომერციულ ბანკებში ბიზნეს-სეხების გაცემა შეზღუდულია, ფერმერებს არათუ ახალი პროექტების დაწყება, ძველი სასათბურე მეურნეობის შენარჩუნებაც უჭირთ. ამის შესახებ report.ge-თან მეწარმე პაატა რაჭველიშვილი საუბრობს.

სასათბურე მეურნეობის ბიზნესი რაჭველიშვილმა გარდაბანში რამდენიმე წლის წინ წამოიწყო. მისი თქმით, ამ ეტაპზე სათბური ტექნიკურ განახლებას საჭიროებს, რისთვისაც რესურსის მიღებას მეწარმე საბანკო სესხით შეეცადა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, განაცხადზე უარი მიიღო.  

,,სათბური დროებით გავაჩერეთ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გვინდა, რასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. ბანკმა 3 თვით გადაგვივადა სესხი, ახალ ვალდებულების აღებაზე უარი გვეთქვა. სასათბურე მეურნეობა ხასიათდება მაღალი ხარჯით, შენახვა და მოვლა-ოპატრონობა ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ ფერმერების უმეტესობა ვერ რისკავს. ჩემს გარშემო რამდენიმე მეწარმეს ვიცნობ, რომელიც სათბურს ფლობს და ცდილობს, მოიცილოს და გაყიდოს. ეს სფერო მაინც და მაინც პოპულარული არ არის ფერმერებში, ჩვენს შემთხვევაში, ვცდილობ, საქმე ბოლომდე მივიყვანო, რესურსის ძიებას მომავალშიც შევეცდები, თუკი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მექნება, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან, მუშაობას განვაახლებთ. მთავარი პრობლემა ჯერჯერობით ინვესტიციების დეფიციტია. თბოიზოლაციის სისტემააა გამოსაცვლელი და დამატებით ტექნიკური სამუშაოებიც არის გასაწევი, რაც 80 000 ლარი ჯდება", - ამბობს პაატა რაჭველიშვილი.

დარგში არსებულ პრობლემაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე მეწარმის მოსაზრებას ეთანხმება და ამბობს, რომ სასათბურე მეურნეობების განვითარებას მაღალი ხარჯი და კადრების დეფიციტი უშლის ხელს.

,,თანამედროვე სათბურები აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია შევქმნათ მცენარეთა განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და მივიღოთ მაქსიმალური მოსავალი. სასათბურე მეურნეობები, რაც ამჟამად საქართველოშია, ძირითადად წარმოადგენენ ისრაელისა და გერმანიის ანალოგებს და საკმაოდ მაღალი დინისაა, მაგრამ ცოტა.  ხარჯია ძალიან ძვირი და ამიტომაა, რომ ქვეყანაში ეს მიმართულება ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა. მთავარი რესურსი გათბობას ხმარდება. ხარჯი რომ შემცირდეს, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ცხელი წყლის ფაქტორი გეიზერების სახით, რის დიდი შესაძლებლობაა დასავლეთ საქართველოში, ასევე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც", - ამბობს კობა კობალაძე.

მეცნიერის განცხადებით,  სათბურების დიდი ტრადიციაა და დარგი კვლავ უნდა აღორძინდეს, რაც სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ ფერმერებს, რომელთაც სასათბურე მეურნეობისთვის ტექნიკის შეძენა,ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო სამუშაოების ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system