თავში

რა აფერხებს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას

რა აფერხებს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას
რა აფერხებს ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შანსი არ არის. პრობლემის რამდენიმე მიზეზი სახელდება, მათ შორის კომუნიკაციების სფეროს მკაცრი რეგულაციები. როგორც ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი report.ge-თან ამბობს, ხელისუფლების მხრიდან ხშირად აქვს ადგილი ჩარევას, რაც ციფრული ტექნოლოგიური განვითარებისთვის დიდი დაბრკოლებაა, ასევე საკუთრების დაუცველობის პრობლემაც.  

,,ბოლო წლებში ბევრი რეგულაცია მიიღო ხელისუფლებამ ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. მათ შორის ფიჭური კავშირგაბმულობის სეგმენტში, რაც ტექნოლოგიურ განვითარებას ხელს უშლის. მარეგულირებელ კომისიას დიდი ძალაუფლება აქვს და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რაც მდგომარეობას გამოასწორებს, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი დერეგულირებაა, მაგრამ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. არ შეიძლება, ფასდადების კონტროლი არსებობდეს ბიზნესში, განსაკუთრებით, როცა საქმე ციფრულ ტექნოლოგიებს ეხება. ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, ფაქტობრივად ყველა სექტორს ერთნაირად აქვს პრობლემა. ამის მიზეზია არასწორი ჩარევა ეკონომიკაში ხელისუფლების მხრიდან, ბევრი რეგულაცია და საკუთრების დაუცველობა. ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ქვეყაანაში და სხვა, ბევრი წინააღმდეგობაა, რაც ხელს უშლის საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას", - ამბობს ხორგუაშვილი.

მისი თქმით, რაც მდიდრდება ქვეყანა, მით მეტი რესურსია, რომ ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტირება მოახდინოს, რის მაგალითსაც ბალტიისპირეთის ქვეყნები წარმოადგენენ.

,,ციფრული ტექნოლოგიები ქვეყანას ეხმარება, მაქსიმალურად ინოვატორული და კონკურენტული პროდუქტი შექმნას. როგორი უნდა იყოს განვითარების პროცესი, წინასწარ ვერ დაგეგმავ, საბაზრო პროცესებმა უნდა მოიტანოს. ხელისშემშლელ ფაქტორებს თუ გამოვრიცხავთ, გვექნება ისეთი სიტუაცია როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სადაც ციფრული ტექნოლოგიების ბაზარი მზარდია ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცალკე, სექტორულად, ვერაფერი განვითარდება, თუ ეკონომიკა არ განვითარდა", - დასძენს ზვიად ხორგუაშვილი.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შემაფერხებელ გარემოებად ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მონეტარულ და ფისკალური პოლიტიკას მიიჩნევს. მისი თქმით, ბიზნესს არ აქვს იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო.

,,საქართველოში IT ტექნოლოგიების განვითარების შანსი არ არის, რადგან ბიზნესს არ აქვს იაფ ფულზე წვდომა. ფულის გარეშე კი ბიზნესი ვერ ვითარდება. ამიტომ გარდაქმნას და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარებას სჭირდება წლები და დაბალპროცენტიანი ფული. ამის გარეშე ჩვენ ვერ ავითვისებთ იმ პროფესიებს, რაზეც გლობალურ ბაზრებზეა მოთხოვნა. პარალელურად უნდა დავიწყოთ განათლების რეფორმა და სწავლების ამაღლება ტექნოლოგიების მიმართულებით. ახალმა დროებამ მოიტანა და არ უნდა ჩამოვრჩეთ, თუ ნამდვიალდ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს", - აცხადებს ნიკა შენგელია report.ge-თან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system