თავში

რა ახალი ტენდენციებია სავალუტო ბაზარზე

რა ახალი ტენდენციებია სავალუტო ბაზარზე
რა ახალი ტენდენციებია სავალუტო ბაზარზე

სპეციალისტების შეფასებით, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა აღარ არის, რის გამოც ეროვნული ბანკის ინტერვენციები შედარებით მოკრძალებულია. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან აღნიშნავს, ამგვარ ეჭვს ამყარებს ის, რომ ბოლო დღეებია, ქართული ფული გაუფასურებით და არასტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა ეროვნულ ბანკს რეზერვები წელს იშვიათად გამოაქვს.

,,კომერციულ ბანკებს, გარდა ეროვნული ბანკისგან იყიდონ დოლარი, კიდევ სხვა წყარო აქვთ უცხოურ ვალუტაში სესხის აღებისთვის. რა თანაფარდობით მიმდინარეობს ეს პროცესი, თქმა ჯერჯერობით ძალიან ძნელია. თუმცა არავინ არის დაინტერესებული, ნაკლები იყიდოს, როცა მოთხოვნა მეტია ან კიდევ, ადგილი ჰქონდეს კურსით მანიპულირებას კომერციული ბანკების მხრიდან. მათ გაცილებით ნაკლები დოლარი გასცეს სესხების სახით, ვიდრე ეროვნული ბანკი ფიქრობდა, რომ გაყიდდა. სიმართლე გითხრათ, ახლა ისეთი სიტუაციაა, როცა ვერავინ ივარაუდებს, რა იქნება ხვალ, რაიმე განსაზღვრული დასკვნა გააკეთო ეროვნული ბანკის საქმიანობიდან, ყოვლად შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ ნებისმიერი ,,სიურპრიზისთვის" უნდა ვიყოთ მზად უახლოეს პერიოდშიც. ვგულისხმობ ეკონომიკის ჩავარდნას, იმპორტის გააქტიურებას, ადამიანების, ბაზრის აგენტების მოლოდინს და სხვა -  ეს ყველაფერი მოქმედებს თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გაურკვევლობისთვის რაიმე გამოკვეთილი ფაქტორია. ადრე გაურკვევლობა იყო საშუალოვადიან პერიოდთან დაკავშირებით, ეს ნეგატივი ახლა უკვე მოკლევადიან პერიოდში გადმოვიდა" - აცხადებს მიხეილ თოქმაზიშვილი report.ge-თან.

ამასობაში ეროვნული ვალუტა მორიგი ანტირესორდისკენ მიიწევს. ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ამბობს, რომ არც აქვს მოლოდინი, ვითარება უახლოეს პერიოდში უკეთესობისკენ შეიცვლება.

„იმდენად რთული და მრავალმხრივი პრობლემაა ეკონომიკაში, რომ ძალიან რთულია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება რაიმე სპეკულაციებს დავაბრალოთ. რეალურად არსებობს იმის საფუძველი, რომ ლარი გაუფასურდეს და ეს არც არის გასაკვირი. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის სპეკულაციებზე გადაბრალება ძნელი იქნება, თუმცა ეს ფაქტი გარკვეულწილად ბადებს მართლაც ეჭვს. 1 აპრილს ბაზარზე სებ-მა 27 500 000 დოლარი გაყიდა,  თუმცა გაცილებით მეტი გამოიტანა, რის ათვისება ვერ მოხდა. სამწუხაროდ, ლარს ინტერვენციებიც ვერ შველის, ყველა საფუძველი აქვს, რომ გაუფასურდეს. არც მაქვს მოლოდინი, რომ ეს ვითარება უახლოეს მომავალში პოზიტიურისკენ შეიცვლება“, - აცხადებს ზურა კუკულაძე.

ცნობისთვის, 2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 25 400 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4363 შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system