თავში

რა ახდენს გავლენას პურის ფასზე

რა ახდენს გავლენას პურის ფასზე
რა ახდენს გავლენას პურის ფასზე

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი აირის დაანონსებული ზრდა პურის მწარმოებლებზე არ აისახება. 

მისი განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირებულია და მოთხოვნაც მეტია. 

ლევან სილაგავამ განმარტა რა ახდენს გავლენას პურის ფასზე.

„მთლიანობაში, გაზის ტარიფი პურის მწარმოებლებზე ასახული არ არის. შესაბამისად, აქ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დღეს ამაზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიო ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ პრობლემურია, ანუ, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალი გაძვირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში 8 ქვეყანა არის, რომელიც მსოფლიოს ხორბალს აწვდის, ეს არის - აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. შესაბამისად, აქედან 6 ქვეყანაში არის პრობლემა- მოუსავლიანობა. მხოლოდ რუსეთში და ავსტრალიაში არის შედარებით უკეთესი მოსავალი, თუმცა, ეს 2 ქვეყანა 6-ს ვერ აბალანსებს. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოქმედებს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს და მეორე ტალღის მოლოდინში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნა ქვეყნებში. ახლა აჟიოტაჟურად ყველა ქვეყანა ცდილობს უფრო მეტი ხორბალი იყიდოს, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20-30%-ით მეტი ხორბლის ყიდვა ხდება მსოფლიოში“, - განაცხადა სილაგავამ და დასძინა, რომ მეოთხე უარყოფითი ფაქტორი არის ლარის კურსის დოლართან მიმართებით რყევა, რაც ხორბლის ფასზე შესაბამისად აისახება. 

ლევან სილაგავას თქმით, „ხორბლის მარაგების პრობლემა არ არსებობს და ორთვიანი მუდმივი მარაგია“. გარდა ამისა, მისი განმარტებით, პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება.

„ბუნებრივი აირის გამოცხადებული და დაანონსებული გაძვირების შედეგად პირდაპირ წერია, რომ პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება, ანუ არ ძვირდება. ეს ფაქტორი პურის ქარხნებზე არ მუშაობს. რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, ისინი არ მოიხმარენ გაზს, სრულად ელექტროენერგიაზე არიან. ეს ფაქტორიც ჩვენთან არ მუშაობს. შესაბამისად, გაზის გაძვირების ფაქტორი ჩვენზე არ მუშაობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება. ეს ასე არ არის. 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი, რომელიც ტენდერის საშუალებით გამოცხადება და იქნება იმ სიის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ მოგვცემს პურის ასოციაცია. შესაბამისად, მხოლოდ ამ ქარხნებისთვის მოწოდებული იქნება 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად მიწოდებული. ეს არის თვეში მიწოდებული 10 ათასი ტონა, საქართველოს თვეში დაახლოებით 30 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება. დანარჩენ 20 ათასზე იქნება თავისუფალი ფასები. ეს არის საგემოვნო პურები, იგივე თონის პური, გერმანული, ავსტრიული, ლიტვური პური. შესაბამისად, ეს მოქმედებს მხოლოდ 10 ათას ტონაზე, რომელიც მიეწოდება წისქვილკომბინატებიდან ფიქსირებულად, 53 ლარად იმ პურის ქარხნებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება პურის მრეწველთა კავშირის მიერ. დარანარჩენ ბაზარზე პირველი ხარისხის იგივე ფქილი, ასევე უმაღლესი საკონდიტრო ფქვილი წარმოდგენილი იქნება თავისუფალი ფასებით“,-განაცხადა ლევან სილაგავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system