თავში

რა ასახვას მოახდენს ეპიდსიტუაციის დამძიმება ქვეყნის ეკონომიკაზე

რა ასახვას მოახდენს ეპიდსიტუაციის დამძიმება ქვეყნის ეკონომიკაზე
რა ასახვას მოახდენს ეპიდსიტუაციის დამძიმება ქვეყნის ეკონომიკაზე

ბოლო რამდენიმე დღეა, ეპიდემიური ვითარება უარესდება. მთავრობას კვლავ ხისტი გადაწყვეტილებების მიღება უწევს მოსახლეობის ჯანმრთელობის სასარგებლოდ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამ პროცესის გავლენა ეკონომიკისთვის მკვეთრად ნეგატიური იქნება. გარდა იმისა, რომ მომსახურების სფერო შეიძლება შეიზღუდოს, მოსალოდნელია მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, რაც აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, ქვეყანას დიდ პრობლემას შეუქმნის.

,,ძალიან რთული პროცესების წინაშე აღმოვჩნდით ბოლო დღეების განმავლობაში covid-19-თან დაკავშირებით, სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. ცხადია, რომეკონომიკაზე ეს პროცესი მკვეთრად ნეგატიურად აისახება. მთავრობას ამავე დროს მოუწევს ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა. ცხადია, ეს ეკონომიკურ პრობლემას გააღრმავებს, მაგრამ თუ  ტენდენცია გაგრძელდება, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვექნება. ტურიზმი რაც არის, ისიც კი შეიზღუდება. ხოლო დასაქმებასა და ზოგადად ეკონომიკა დიდ დარტყმას მიიღებს. ველოდებით ასევე, რომ შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. ჩვენ აპრილ-მაისში მძიმე მდგომარეობაში ვიყავით და თუ არ იკლო ეპიდემიის გავრცელების მასშტაბმა, ამ მდგომარეობას, ფაქტობრივად, ვუახლოვდებით. არ გამოვრიცხავ,  რომ მასობრივად დაწესდეს შეზღუდვები, რაც განსაკუთრებით მომსახურების სფეროს და მეწარმეობას დაარტყამს. ამიტომ რაღაცნაირად უნდა გავიუმჯობესოთ მდგომარეობა და ზომიერი პოზიცია დავიჭიროთ, ამისთვის მთავრობა მზად უნდა იყოს", - აცხადებს სილაგაძე და დასძენს, რომ ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მორიგი დახმარება ქვეყანამ, შესაძლოა, ვერ მიიღოს.

,,კორონავირუსის პირველი ტალღის შემთხვევაში ჩვენ ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან მილიარდობით დახმარება მივიღეთ. შესაძლებელია, ფინანსური რესურსი დამატებით ვერ გამოგვიყონ, ეს  არ იქნება მარტივი. უცხოეთიდან მიღებულმა თანხებმა ვითარება შეამსუბუქა. თუკი ფინანსურ რესურსს ვერ მივიღებთ, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდება", - აცხადებს აკადემიკოსი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სასტუმრო, სადაც ამ დროისთვის 900-მდე სტუმარი იმყოფება, ჩაკეტილია. გარდა ამისა, ბათუმში ღამის კლუბების ნაწილი დაიკეტა. როგორც კლუბების მეპატრონეები აცხადებენ, მათ დაწესებულების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება, ბათუმში, კორონავირუსის რიცხვის გაზრდის გამო მიიღეს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების სულ 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system