თავში

რატომ ვერ ჩაანაცვლა პლასტიკი ბიოპარკებმა - რა აწუხებთ პარკების მწარმოებლებს

რა აწუხებთ პარკების მწარმოებლებს
რატომ ვერ ჩაანაცვლა პლასტიკი ბიოპარკებმა - რა აწუხებთ პარკების მწარმოებლებს

ბიოდეგრადირებადმა პარკებმა პოლიეთილენის ჩანაცვლება ვერ შეძლეს. ამის შესახებ Report.ge - ს თავად მწარმოებლებმა განუცხადეს.

შპს "ევროკაპი" პარკების წარმოების ინდუსტრიაში ახალი მოთამაშეა. კომპანიამ მცირე საწარმო ლილოში 1 წლის წინ აამუშავა და უკვე 20-მდე თანამშრომელს ასაქმებს. კომპანიის დამფუძნებელი ლავრენტი უგულავა Report.ge-ს უყვება, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება ხარჯს ზრდის, რისთვისაც ეს უნდუსტრია ჯერ მზად არაა. მეწარმე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვალუტის გაუფასურების გამო გაზრდილი ხარჯი, კომუნალური და საშემოსავლო გადასახადები მცირე და საშუალო წარმოებას მძიმე ტვირთად აწვება.

"ბიოპარკის საწარმოო ნედლეული ბევრად ძვირია, პროდუქტი კი ნაკლებად გამძლე, საწარმოო პროცესიც უფრო ხანგრძლივია, რაც წარმოების ხარჯს, ბუნებრივია, ზრდის. მესმის, რომ გარემოს დაცვა ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ამ ბიზნესს არ ამოუსუნთქავს, დარგი ფეხს ჯერ მხოლოდ ახლა იკიდებს საქართველოში და მგონი კარგი იქნება,თუ რეგულაციებით ყულფს არ მოგვიჭერენ ყელში," - აღნიშნავს Report.ge - სთან საუბრისას ლავრენტი უგულავა.

კომპანია "ევროკაპის" პოზიციას იზიარებენ "პოლიმერული დარგის წარმომადგენელთა ასოციაციაშიც". როგორც ასოციაციის წარმომადგენელი, მელიტა პატარიძე, Report.ge-ს უხსნის, ბაზარზე პოლიეთილენის პარკების ჯერ კიდევ არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ დადგენილება ვერ, ან არ სრულდება.

"საქმე ისაა, რომ დიდ სამარკეტო ქსელებს პოლიეთილენის პარკების დიდი პარტია მარაგის სახით ჯერ კიდევ მაშინ აქვთ შეძენილი, როცა ეს აკრძალული არ იყო. ამის ამონაშთვა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. სახელმწიფო ამ დათმობაზე წავიდა, რომ ნაკლები ზარალი ჰქონდეთ მაღაზიებს. ეს მაღაზიებისთვის კარგი შეღავათია, მაგრამ არაფერს არ აძლევს პარკების წარმოების ინდუსტრიას. თუ რამე გამოსავალი სასწრაფოდ არ მოიძებნა, მეწარმეების 80% შეწყვეტს ოპერირებას, გაკოტრდებიან, საწარმოები დაიხურება, ადამიანები დაკარგავენ სამუშაო ადგილებს და ბაზრის იმ ნაწილსაც, რომელსაც ახლა პარკების ქართული წარმოება იჭერს, იმპორტი ჩაანაცვლებს," - აცხადებს "პოლიმერული დარგის წარმომადგენელთა ასოციაციის" წარმომადგენელი, მელიტა პატარიძე.

მისი თქმით, ბიოდეგრადირებადი პარკი გამძლე არაა, ხშირად იხევა, ეს კი მომხმარებელსაც აზარალებს, მწარმოებელსაც და მაღაზიებსაც. როგორც მელიტა პატარიძე განმარტავს, ბიოპარკების გამძლეობის გარდა, პრობლემაა ფასიც. სტანდარტული ბიოდეგრადირებადი პარკი 20-25 თეთრი ღირს, რომლის გადახდა მომხმარებელს უჭირს.

ბიოპარკების მწარმოებლები შესაბამის უწყებასთან შეხვედრას ხვალ გეგმავენ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პოლიეთილენისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება-იმპორტის თაობაზე შეხვედრა რამდენიმე თვის წინ, 13 აპრილსაც, შედგა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პლასტიკის, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტსა და რეალიზაციაზე იმსჯელეს და სხდომა ცხარე კამათის ფონზე წარიმართა. სხდომას დეპუტატები, მწარმოებლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა, კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული და საკითხის განხილვა სექტემბრამდე გადავადდა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება აიკრძალა. პლასტიკის პარკები ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system