თავში

რა აუფასურებს ლარს

რა აუფასურებს ლარს
რა აუფასურებს ლარს

„ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენა მოახდინა როგორც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებამ, ისე – მონეტარული ხელისუფლების სხვადასხვა გადაწყვეტილებამ, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკამ – ვგულისხმობ ჭარბი ლარის მიწოდებასა და ჭარბ ხარჯვას," - ამის შესახებ ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საქმე ეხება ე.წ. ფისკალური სტიმულირების პაკეტს, რომელიც ეკონომიკაში შემცირებული მოთხოვნის წახალისებას გულისხმობს ხოლმე. 

"ამას, როგრიოც წესი, კრიზისების დროს მიმართავენ, ოღონდ – საწყის პერიოდში. ჩვენს შემთხვევაში, გარკვეულწილად, ეს პირველ ეტაპზე დაგვიანდა და შემდგომში გადაწყდა, რომ თანხის მიწოდების მეორე ტალღა გაკეთებულიყო. მაშინაც ვამბობდი, რომ შესაძლებელია, ამას წნეხი გამოეწვია ეროვნულ ვალუტაზე. როგორც ჩანს, ეს გამართლდა. მეორე მიმართულება – თუ გადავხედავთ პლატფორმებს და ვნახავთ, როდის დაიწყო ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება, ამ ბოლო პერიოდს ვგულისხმობ, ეს ერთი ერთში დაემთხვა ახალ შეზღუდვებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესდა. სწორედ ამიტომ ვახსენე დასაწყისში, რომ ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გარკვეული როლი ითამაშა. თუ გაიხსენებთ წინა პერიოდს, ნახავთ, რომ როცა დაანონსდა სრული „ლოქდაუნი“, როცა ეკონომიკა გავაჩერეთ, ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. დღესაც, როცა დაანონსდა შეზღუდვები, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმა ეს, რასაკვირველია, აღიქვეს – როგორც პოტენციური გაუფასურების საშიშროება. მათ დაიწყეს ე.წ. ჰეჯირება, ანუ ეროვნული ვალუტის მოშორება და სხვა, შედარებით მყარ ვალუტაში გარკვეული რეზერვების განხორციელება. იმიტომ, რომ თუ რა შეზღუდვები იქნებოდა და შემდგომში რაში შეიძლებოდა, გადაზრდილიყო ეს შეზღუდვები, არავინ იცოდა. თუ გაიხსენებთ, პრემიერს რამდენჯერმე მოუწია იმისი დაზუსტება, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეზღუდვები და ეკონომიკის გაჩერება არ იგეგმებოდა. ალბათ, რასაკვირველია, თავად ეკონომიკური გუნდიც აცნობიერებდა ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს“, – განმარტავს ბაირახტარი და დასძენს, რომ გაუგებარია, რას ეფუძნება 40-მილიონიანი ინტერვენციები. ბაირახტარის თქმით, სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ჩართულობა საკმარისი არაა.

„რაც შეეხება ეროვნული ბანკის როლსა და მის პოლიტიკას – თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას მოვიშველიებთ, ის, გარკვეულწილად, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, გარდა იმისა, რომ ჭარბი ეროვნული ვალუტა მიეწოდოს საზოგადოებას სწორედ იმ შემცირებული მოთხოვნის დასაბალანსებლად, რომელიც ვახსენე. მაგრამ აქვე განმარტავს იმას, რომ ის მიაწვდის თავის რეზერვებიდან უცხოურ ვალუტას იმ დანაკლისის შესავსებად, რომელიც დოლარზეა. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის ჩართულობა სავალუტო ბაზარზე არ არის საკმარისი. ამას გვაჩვენებს კურსიც. უნდა გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ყურადღება – თუ ეროვნული ბანკის ინტერვენციებს დავაკვირდებით, თითქმის მუდმივად ეს არის 40 მილიონი დოლარის ინტერვენცია. ზოგადად, როგორ ხდება ინტერვენციები – ეროვნული ბანკი უყურებს, თუ რა რაოდენობის ვალუტაა შესაძლებელი, დააკლდეს ბაზარს და ამის მიხედვით ახორციელებს კონკრეტულ შეწონილ ინტერვენციებს. შეუძლებელია, რომ სავალუტო ბაზარზე, სადაც მონაწილეობს სავალუტო ვაჭრობის ათეული მონაწილე სულ ერთი და იმავე რაოდენობის უცხოური ვალუტის საჭიროება იდგას. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია, რას ეფუძნება ეს 40-მილიონიანი ინტერვენციები, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ბანკი. როგორც ვხედავთ, ეს არცაა ეფექტიანი ამ მიმართულებით. აქვე გასათვალისწინებელია ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ფულის მასაა გაზრდილი, M 2 და M 3 აგრეგატი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი წინა პერიოდთან შედარებით. ესეც დამატებითი წნეხია ეროვნული ვალუტისთვის. ამ ფაქტორების ერთობლიობას თუ შევხედავთ, რაც ჩამოვთვალე, ჩემთვის გაუგებარიც იქნებოდა და გამიკვირდებოდა კიდეც, რომ ეროვნულ ვალუტას სტაბილურობა შეენარჩუნებინა“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2140 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.8057 ლარად არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის (16:20 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2265 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system