თავში

რა ბედი ელის უმუშევრად დარჩენილ 45 ათას მოვაჭრეს

რა ბედი ელის უმუშევრად დარჩენილ 45 ათას მოვაჭრეს
რა ბედი ელის უმუშევრად დარჩენილ 45 ათას მოვაჭრეს

თბილისში დღეს სასურსათო ბაზრები დაიხურა. რამდენიმე დღეა აგრობაზრები დახურულია რეგიონებშიც.

მიზეზი კორონავირუსის პრევენციითვის სამთავრობო გადაწყვეტილებაა.

ბაზრებისა და ბაზრობების აკრძალვით, შემოსავლის გარეშე დარჩა 45 ათასზე მეტი ადამიანი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ჯამში 45,100 მოვაჭრე არის დასაქმებული, საიდანაც 20 ათასი მოვაჭრე თბილისში არსებულ ბაზრებზე არის დასაქმებული.

სტატისტიკის მიხედვით, ბაზრების და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის 61,5% თბილისზე მოდის, 12,3% - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, 7,0% - ქვემო ქართლის, 5,0% - აჭარის, 5,0%- სამეგრელო-ზემო სვანეთის, 3,4%- კახეთის, 3,3%- სამცხე-ჯავახეთის, 2,1%- შიდა ქართლის, 0,2%- მცხეთა-მთიანეთის და 0,2%- გურიის რეგიონზე ნაწილდება. 

56 წლის ნელი გოგუაძე 5 წელია ნავთლუღის ბაზარზე კარტოფილს, ხახვს და ბოსტნეულს ყიდის. დღეს სამსახურში მისულს ბაზარი დაკეტილი დახვდა და პროდუქციის დახლზე დადების ნება არ მისცეს. 

"პროდუქტში 250-300 ლარი მაქვს გადახდილი და თუ არ გავყიდე, დამილპება და დავიღუპები. გარდა ამისა 3- წევრიანი ოჯახი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე მრჩება. დედის გარდაცვალების გამო სოციალური დახმარება მოგვიხსნეს და ჯერ არ აღუდგენიათ. მადლობელი ვარ, რომ კომუნალურებს გვიხდიან, მაგრამ რა ვჭამოთ? ელემენტარული კვება ხომ მინდა?" - გვეუბნება გოგუაძე და გვიხსნის, რომ ბაზარზე ვაჭრობით კორონავირუსის გამოჩენამდე დღეში 40-50 ლარს შოულობდა, ბოლოს 10 ლარზეც ვერ ადიოდა, თუმცა მშვიდად იყო, რადგან იცოდა რომ ოჯახს პურს მაინც მიუტანდა.

"ჩვენ არაფერს გვთავაზობენ, მოვაჭრეებს. დავიწყებული ვყავართ მთავრობას. საპენსიო ასაკიც კი არ მაქვს. ყველაფერი დაიხურა, სად წავიდეთ?" - წუხს მოვაჭრე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system