თავში

რა დააბალანსებს წიწიბურის ფასს

რა დააბალანსებს წიწიბურის ფასს
რა დააბალანსებს წიწიბურის ფასს

რუსეთი წიწიბურის წარმოებაში მონოპოლისტი არაა, ამიტომ მისი მხრიდან ექსპორტის აკრძალვა პრობლემა არ არის. ასე ფიქრობს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა, ალტერნატიული ბაზრებიდან მოწოდებული პროდუქტი შედარებით ძვირი იყოს, თუმცა, თუ წიწიბურა რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ფასი დაბალანსდება.

„რუსეთს სხვა დროსაც ჩაუკეტავს გარკვეული პროდუქტების ექსპორტი, თუმცა ყოველთვის ხდება ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლა. მაგალითად, ყაზახეთის და უკრაინის ბაზარზე, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან რუსეთი არ არის მონოპოლისტი“,- განაცხადა ცუცქირიძემ „კვირის“ პრესკლუბში.

ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას აზრით, წიწიბურის საშუალო ფასი, რადგან რუსეთი ამ პროდუქციის ექსპორტს შეწყვეტს, გაიზრდება. როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაია აცხადებს, წიწიბურის დეფიციტი მოსალოდნელი არაა და ამ მხრივ რუსეთის ბაზარი ჩანაცვლებადია.

„ალტერნატიული ბაზრებია უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, კიდევ სხვები, თუმცა ეს ქვეყნებია ყველაზე ახლოს, საიდანაც შეგვიძლია შემოვიტანოთ წიწიბურა. მთლიანობაში, ამან შესაძლოა, ფასის ზრდა გამოიწვიოს, იმიტომ, რომ ყველაზე მარტივი და იაფი გზა იყო რუსეთი, სწორედ ამიტომ შემოდიოდა წიწიბურის 100% ამ ბაზრიდან. თუმცა ფასის რადიკალურ ზრდას და დეფიციტს, წესით, ადგილი არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ჯერჯერობით, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მარაგები არის. რუსეთი სანამ ამ პროდუქციის ექსპორტს შეზღუდავს, არის საკმარისი დრო. ასევე ალტერნატიული ბაზრებიდან ამ პროდუქციის შემოსატანადაც არის საკმაოდ დიდი დროითი სივრცე. ამიტომ დეფიციტი, წესით, არ გვემუქრება. საბოლოო ჯამში, ეს ბაზარი ჩანაცვლებადია. სანამ შეგვეძლო, ვიყენებდით ამ გზას, პროდუქტის შედარებით იაფად მისაღებად, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ამ თუ სხვა საკითხებს იყენებს მისთვის საჭირო პოლიტიკური მიზნებისთვისაც, ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ კარგია, როდესაც ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ იაფად შევიძინოთ ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ ყოველთვის უნდა გვქონდეს ალტერნატივა. სხვადასხვა ხარისხის წიწიბურა, იგივე რუსეთიდან შემოტანილი სხვადასხვა ფასი ღირს. უხეშად რომ ვთქვათ, ყველაზე მინიმალური ხარისხის წიწიბურა, მაქსიმალურად კარგ ხარისხთან შედარებით 2-3-ჯერ უფრო ძვირი ღირს. ამიტომ, გააჩნია, რომელ პარტიას შეიძენს დისტრიბუტორი, იქნება ეს საშუალო ხარისხის, თუ მაღალი. მაგრამ მთლიანობაში, ეს საკითხი მაინც დამოკიდებულია ტრანსპორტირებაზეც, ასევე იმაზე, რა ვადებში დაგვჭირდება ამის შემოტანა და რა გზით. მაგალითად, ჩინეთიდან შემოტანა შესაძლებლია მატარებლითაც და გემითაც. გემით უფრო იაფი ჯდება, თუმცა მატარებლით უფრო სწრაფად ჩამოვა. როგორც დაგვჭირდება, იმის მიხედვით არის შესაძლებელი მოქმედება“, - ამბობს ჭარაია. 

ცნობისთვის, რუსეთმა წიწიბურის საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურის თითქმის, 100%-იანი მომწოდებელია. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში პროდუქტის 99,9% რუსული წარმოებისაა. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, საქართველომ სულ 701 ათას 700 დოლარი წიწიბურა შეიძინა, საიდანაც, 701 ათას 400 დოლარის პროდუქტი სწორედ რუსეთიდან იმპორტირდა.

წელს საქართველომ წიწიბურა მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთში გაყიდა. წელს საქართველომ წიწიბურა ექსპორტზე მხოლოდ აზერბაიჯანში გაყიდა, ხოლო რუსეთში მისი რეექსპორტი განხორციელდა.

სამომხმარებლო ბაზრის მიმომხილველი ექსპერტები, ასევე იმპორტიორები, წიწიბურას მასშტაბურ გაძვირებას აანონსებენ.

ცნობისთვის, პანდემიის პირველი შემოტევის დროს, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყომ რომლითაც იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირება მოხდა ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო. გასული წლის ოქტომბრიდან მთავრობამ სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირება შეწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system