თავში

რა დაუჯდება რეგიონს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

რა დაუჯდება რეგიონს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
რა დაუჯდება რეგიონს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს მეზობლების გარდა, ეკონომიკური პარტნიორები არიან. შესაბამისად, კონფლიქტოლოგები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და ფინანსისტები დარწმუნებული არიან, რომ კონფლიქტს რეზონანსი ექნება საქართველოს და მთლიანად რეგიონის ეკონომიკაზეც. 

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი არა მხოლოდ საქართველოსთვის, რეგიონისთვის საკმაოდ მაღალი იქნება. რამდენად ძვირი დაუჯდება ეს რეგიონს კი პირდაპირაა დამოკიდებულა ამ კონფლიქტის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

"ეს რომ იყოს ინდოეთი ან ჩინეთი, მაშინ მხოლოდ ტურიზმზე, ვაჭრობაზე და სხვა ეკონომიკურ ფასზე ვისაუბრებდით, მაგრამ სამხედრო დაპირისპირება ჩვენს სამეზობლოშია, საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს. აქ, ეკონომიკურის გარდა, კიდევ სხვა ბევრი პარამეტრი იჩენს თავს, თუმცა თუ ეკონომიკაზე ვკონცენტრირდებით, ერთი რამ ცალსახაა: ქვეყნებს თუ სამხედრო ხარჯი გაეზრდებათ, იკლებს გზავნილები, გარდა ამისა, ახალი ამბავი არაა, რომ იქ, სადაც სროლაა, მცირდება ეკონომიკური აქტივობა და უარყოფითად მოქმედებს საინვესტიციო გარემოზე. ასეთ ადგილებში ბიზნესი თავს იკავებს დაიწოს საქმე, ან უკეთეს შემთხვევაში, უსაფრთხოების პრემიას, ფასს, გაზრდის ინვესტირების შემთხვევაში. შემცირდება ვაჭრობა, ტურიზმი და, ბუნებრივია, ამ სექტორებიდან მიღებული შემოსავლებიც, რომლებიც კორონაპანდემიის გამო ისედაც შემცირებული იყო. ეს ყველაფერი ჯამში რეგიონის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. საქართველოს დიდი "გადაწყობა" დასჭირდება, რომ ამ პროცესებმა მინიმალური ზიანი მოგვაყენოს, " - ამბობს ეკონომიკის დოქტორი და დასძენს, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან მრავალხრივი ეკონომიკური კავშირები აქვს, ესაა, სატრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა, სარკინიგზო, მილსადენის სამი პროექტი. ეკონომიკური თანამშრომლობა გვაქვს სომხეთთანაც.

"რეგიონში საქართველო სატრანზიტო ფუნქციის ქვეყანაა. რეალობაში, სადაც სომხეთს თურქეთთან საზღვარი აქვს დაკეტილი, აზერბაიჯანს კი - სომხეთთან, ჩვენ ვართ კვანძი. სომხეთის იმპორტში თურქეთის წილი 5%-ია, მაშინ როცა ქვეყნებს დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვთ. ამ იმპორტის მიწოდება საქართველოს გავლით ხდება. ამას მთლიანად ატარებს საქართველო. აქტიურია ამ ქვეყანასთან ბიზნესურთიერთობები. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი წილი ჩვენს ეკონომიკაში არაა მცირე, აქტიურად ვითარდებოდა ტურიზმი აზერბაიჯანიდან საქართველოში, აქტიური იყო ინვესტიციების ზრდა და ფულადი გზავნილები ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება ექსპორტს, მეზობელ ქვეყნებში ექსპორტი ყველაზე მარტივია და ნაკლებ დროს და ხარჯს მოითხოვს. ამიტომ საექსპორტო პოტენციალი საქართველოს მაღალი აქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთნა, შედარებით მცირე თურქეთთან, მაგრამ თურქეთთან მაღალია საიმპორტო მაჩვენებელები. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რეგიონში საომარი მოქმედებები ამ ყველაფერს დაანგრევს," - ამბობს აბულაძე.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის შეარაღებულ დაპირისპირებაში აზერბაიჯანს დახმარება ღიად გამოუცხადა თურქეთმა. რუსეთს ოფიციალურად არცერთი ქვეყნის მხარე არ დაუჭერია და ვლადიმერ პუტინმა ორივე ქვეყანას "ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ" მოუწოდა, რაც, რა ტქმა ინდა, ორივე ქვეყანას მის სასარგებლოდ ესმის, თუმცა რუსეთი სომხეთს აქტიურად ამარაგებს იარაღით. ამაზე აზერბაიჯანული პრესაც წერს. შესაბამისად, სპეციალისტების განმარტებით, ეს კონფლიქტი "არევს" მთლიანად რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკურ დღის წესრიგს, რადგან სცდება მხოლოდ 2 ქვეყნის დაპირისპირებას. 

რაც შეეხება ეკონომიკურ ინდიკატორებს, 2019 წელს საქართველოს იმპორტში სომხეთის წილი 3%-ი იყო, აზერბაიჯანის 6%-ი, რუსეთის-10%, თურქეთი-17%.

2019 წელს განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში აზერბაიჯანის წილი 3%-ია, სომხეთის 1%-ი, რუსეთის 4%-ი, თურქეთის 19%-ი.

რაც შეეხება ექსპორტს,  ექსპორტის 32%-ი მოდის აზერბაიჯანზე, სომხეთზე და რუსეთზე. ანუ ეს იმას ნისნავს, რომ კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენი ექსპორტის მესამედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კითხვაზე რა არის გამოსავალი და როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, სპეციალისტების პასუხი ერთგვაროვანია:  უნდა ვიყოთ კონფლიქტის დეესკალაციის ბიძგის მიმცემნ, რადგან, თუ რეგიონში ერთი ქვეყანა ეკონომიკურად დაეცემა დომინის პრინციპით მიყვება დანარჩენიც.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დღეისათვის შედარებით სიმშვიდე შეინიშნება, თუმცა ზოგადი ვითარება კვლავ დაძაბულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system