თავში

რა დონეზეა საქართველოში ფულის გათეთრების რისკი

​რა დონეზეა საქართველოში ფულის გათეთრების რისკი
რა დონეზეა საქართველოში ფულის გათეთრების რისკი

სპეციალისტების შეფასებით, ფულის გათეთრების დიდი რისკი არსებობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ამიტომ კონტროლის მექანიზმი გასაძლიერებელია. როგორც პროფესორი გოჩა თუთბერიძე report.ge-თან ამბობს, პრობლემის დასაძლევად აუცილებელია სხვადასხვა სტრუქტურის ძალისხევა, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის, რაც უნდა მოხდეს აუდიტის, პროკურატურის, ანტიკორუფციული სამსახურის და სხვ უწყებების აქტიური ჩართულობით.

,,ფულის გათეთრებასთან ბრძოლას აქვს სერიოზული ბარიერი, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებული საბანკო საიდუმლოს დაცვის წესი ქმნის. სწორედ ამიტომ საზღვარგარეთ გატანილი ფულის კონტროლი თითქმის შეუძლებელი ხდება. ფულის გათეთრება არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ქვეყანაში მოპოვებული შავი ფულის გათეთრება ხდება, არამედ შესაძლოა ამ მიზნით საბანკო სისტემა იქნეს გამოყენებული. საქართველოსთვის ეს საფრთხე დიდია იქიდან გამომდინარეც, რომ კორუფციის ფაქტები შეიმჩნევა, ამიტომ ფულის გათეთრების მასშტაბი შეიძლება გაფართოვდეს, რეგულაციების გამკაცრება მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა მოხდეს აღსრულება და შერჩევითი სამართალი გამოირიცხოს. არსებობს რისკი, რომ საბანკო სისტემის გარეთ არსებული ფული მოექცეს ბანკების ხელში. ეს არის ფული, რომელიც მოპოვებულია ტრეფიკინგის, პროსტიტუციის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, ქრთამის აღებისა და გადასახადების დამალვის საშუალებით, რაც მარტივად გასაკონტროლებელი არ არის. ეროვნულ ბანკს შეუძლია ეს პროცესი ბანკების მეშვეობით გააკონტროლოს და კარგია, რომ ამ მიმართულებით ზომებს ამკაცრებს", - განმარტავს თუთბერიძე.

ფულის გათეთრების რისკზე საუბრობს report.ge-თან ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომლის შეფასებით, მდგომარეობა ამ მხრივ ბევრად უარესია, რადგან კორუფციის ფართოდ არის მოდებული ქვეყანაში.

,,კორუფცია გაზრდილია ქვეყანაში და ეს არის ფულის გათეთრების გარკვეული მცდელობაც, რის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი სიმწვავით არის გასამკაცრებელი. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კორუფცია ელიტურ დონეზე იყო ანუ ერთ სალაროზე მუშაობდა. ახლა ასეთი სალარო ბევრია, რაც ნიშნავს, რომ ქვედა დონეებზე წამოვიდა კორუფცია და ესაა პრობლემა. ბრძოლა აშკარად არ იგრძნობა, უფრო ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ ფულის გათეთრების მასშტაბი რეალურად შემცირდეს და ეკონომიკამ სარგებელი არ დაკარგოს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, პანდემიურ წელს, 2020-ში, ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისთვის ფინანსური სუბიექტი ჯამში 584 000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის მოცულობით კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამოირჩევიან. საუბარია საქართველოში მოქმედ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაზე. როგორც ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშიდან ირკვევა, 2020 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 23 წარმომადგენელი. აქედან 10 სუბიექტის ინსპექტირება 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა.

საქართველოში ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობა მკაცრდება.

გაფართოვდა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system