თავში

რა დონეზეა სტაბილურობის რისკი საბანკო სფეროში

რა დონეზეა სტაბილურობის რისკი საბანკო სფეროში
რა დონეზეა სტაბილურობის რისკი საბანკო სფეროში

საკრედიტო, ასევე სხვა ტიპის რისკებს, რომელიც ბანკების სტაბილურობას შეარყევს, ანალიტიკოსები ნაკლებად ხედავენ. მეტიც, როგორც ფინანსისტები ფიქრობენ, საბანკო სფერო ერთადერთია, რომელიც  პანდემიისგან მიყენებული დანაკარების აღდგენას ყველაზე ადრე შეძლებს. ასე ფიქრობს ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე, რომლის შეფასებითაც, ბანკები ჯერჯერობით ვერ მიაღწევენ ზრდის ტემპს, როგორიც აქამდე ჰქონდათ, თუმცა ეპიდემიისას ყველაზე მდგრადი სწორედ ფინანსური ბაზარია და დანაკარგსაც ყველაზე პირველი, სწორედ საბანკო სისტემა აღიდგენს.

,,დღესდღეობით რაც საფინანსო სფეროს ყველაზე მეტად აზარალებს არა უშუალოდ პანდემია, არამედ მთავრობის გაუაზრებელი პოლიტიკაა. ინდოეთშიც კი, სადაც ამ დონეზე მძვინვარებს ეპიდემია, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ბიზნესის, ეკონომიკის ინტერესებს ითვალისწინებენ ყველგან, საქართველოს გარდა. შეზღუდვები მარტივი გადასაწყვეტია, მაგრამ შემდეგში ურთულეს პრობლემას ქმნის. როცა რეცესიაა და მინუსებში მიდის ეკონომიკა, აშკარაა, რომ არასწორი გზით მივდივართ. პანდემია თუ დასრულდება (წარმატებული ვაქცინაცია იქნება), მაშინ საბანკო სექტორი ყველაზე ადრე აღიდგენს თავის მდგომარეობას და თავის ტრაექტორიას ყველაზე ადრე დაუბრუნდება, ვინაიდან ის ყველაზე ორგანიზებული, გამჭვირვალე, მოწესრიგებული სფეროა და ყველაზე კარგად იმართება, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგები", - ამბობს თუთბერიძე report.ge-თან და დასძენს, რომ საბანკო სექტორმა, პრობლემის დაძლევის შემთხვევაში, შეიძლება სხვა დანარჩენი სექტორებიც აიყოლიოს და პოზიტიურ დინამიკაში გადაიყვანოს ეკონომიკა, რაც საბოლოოდ ეპიდემიასთან ბრძოლის შედეგზეა დამოკიდებული.

ანალოგიური მოსაზრებისაა ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ბანკების სტაბილურობას მარტივად ვერაფერი შეარყევს, თუმცა არის რიგი პრობლემები, რასაც სექტორი ჯერჯერობით ერევა.

,,საქართველოს ეკონომიკაში მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ტენდენციაა და გარკვეულ გავლენას ბანკების საქმიანობაზეც უდავოდ ახდენს. გარკვეული დანაკარგი აქვთ ბანკებსაც, რადგან არ გასცემენ სესხებს, გადახდებთან დაკავშირებითაც პრობლემაა, თუმცა ეს მათ სტაბილურობას ვერ შეარყევს. ზარალის მიუხედავად, საბანკო სექტორი ძალებს მალევე აღიდგენს ძალებს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ნაკლებ შემოსავლიანი იქნება. ცხადია, მნიშვნელოვანია ის შედეგიც, რასაც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა ეპიდემიასთან ბრძოლაში მიაღწევს. თუმცა, სანამ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება არ გამოსწორდება, ბანკებს მომგებიანობის მიღწევა გაუჭირდებათ", - განმარტავს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს საკრედიტო რისკი გაუმჯობესებულია. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ობლიგაციების რეგიონული ბაზრის აპრილის მიმოხილვაში. საკრედიტო რისკის გაუმჯობესების დასტურად ორგანიზაცია ასახელებს 2021 წლის 22 აპრილს საქართველოს მიერ წარმატებით განთავსებულ $500 მილიონიან, 5-წლიანი ევროობლიგაციას, რომლის კუპონის განაკვეთი განისაზღვრა 2.750%–ად. მიმოხილვაში განმარტებულია, რომ ევროობლიგაციის მიმართ ინვესტორების ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო და მოთხოვნამ $2.0 მლრდ-ს გადააჭარბა. აქვე საქართველოს ევროობლიგაციები შედარებულია სხვა ქვეყნების ევროობლიგაციებთან და განმარტებულია, რომ ქართული ევრობონდების კუპონი და შემოსავლიანობა ყველაზე დაბალი მაჩვენებლია რეგიონის ქვეყნებს შორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system