თავში

რა დოზით დააზარალებს ბიზნესს შეზღუდვების გამკაცრება

რა დოზით დააზარალებს ბიზნესს შეზღუდვების გამკაცრება
რა დოზით დააზარალებს ბიზნესს შეზღუდვების გამკაცრება

საქართველოს ბიზნესასოციაცია, როგორც ასობით ბიზნეს ოპერატორის ინტერესების დამცველი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავება ვერ მოხერხდა.

ასოციაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად - ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს კომპანიების ერთობისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი და უმაღლესი ფასეულობაა, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას მიუხედავად იმ მაღალი ფასისა, რომლის გადახდაც ყველას, ბიზნეს სუბიექტსა თუ რიგით მოქალაქეს ერთობლივად მოგვიწევს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მუდმივად ვსაუბრობდით იმ სირთულეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შეზღუდვების გეგმის გამოცხადებამდე პანდემიის მეორე ტალღის შედეგად შეექმნა ბიზნესს.

გლობალური პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოში მოქმედი ბიზნესსუბიექტების მთავარი ამოცანა კომპანიების გადარჩენა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილმა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტმა გაითვალისწინა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონკრეტული შეთავაზებებიც, რომლებიც როგორც ხელისუფლებასთან დისკუსიების დროს ასევე საჯარო სივრცეში ჩვენ რამდენჯერმე დავაყენეთ. კერძოდ, (ა) 750 ლარამდე ხელფასების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლების, ხოლო 1500 ლარამდე არსებულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადისგან ბიზნესის ნაწილობრივ განთავისუფლების პროგრამის დამატებით 6 თვით გაგრძელება და (ბ) ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სექტორში (ყველა ტიპის სასტუმროები, რესტორნები, ტურ-ოპერატორები და ტურისტული კომპანიები) მოქმედი ბიზნეს ოპერატორებისთვის გადავადებული 4 თვის საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერა", - აცხადებენ ბიზნესგაერთიანებაში. 

მათივე განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დამატებითი შეზღუდვების გეგმა ეკონომიკის მხოლოდ გარკვეულ სექტორებს ეხება.

"750 ლარამდე ხელფასების შემთხვევაში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლებით, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივი განთავისუფლებით უკლებლივ ყველა კომპანია ისარგებლებს განურჩევლად სექტორისა. საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით დაყენებული ჩვენი ორივე თხოვნა იყო უაღრესად კრიტიკული ბიზნესისთვის, ჩვენი წევრები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვიკავშირდებოდნენ ამ საჭიროებებთან დაკავშირებით და ამ თხოვნების გათვალისწინება, ბუნებრივია, არის ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება. დასასრულს, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ხელისუფლების წინაშე წარდგენილი ნებისმიერი შეთავაზება ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას და პოსტ-პანდემიურ ფაზაში ეკონომიკის დროული აღდგენისთვის ბიზნესის მზადყოფნის უზრუნველყოფას. ამასთან, აღვნიშნავთ იმ ფაქტსაც, რომ შეზღუდვების პარალელურად წარმოდგენილი სტიმულირების პაკეტი არის მხოლოდ ის მინიმუმი, რომელიც დღეს აუცილებელია ბიზნესისთვის და შეიძლება ბოლომდე ვერ ითვალისწინებდეს მის საჭიროებებს. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად დააკვირდება შეზღუდვების ახალი გეგმის მიმდინარეობას და ასოციაციის წევრი კომპანიების მოსაზრებების გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს დამატებით წინადადებებს, რომლებიც შეიძლება გულისხმობდნენ მხარდაჭერისა და სტიმულირების ახალ მექანიზმებსაც", - განმარტავენ ბიზნესასოციაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system