თავში

რა ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევები

რა ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევები
რა ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის ავტოსაგზაო შემთხვევები

2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 6640 ადამიანი დაზარალდა, 450 კი დაიღუპა. 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 481 ადამიანი კი დაიღუპა. გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული.

გარდა იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები იწირავს მოქალაქეთა სიცოცხლეს, რაც ყველაზე დიდი ფასეულობაა, ის ეკონომიკურ პრობლემებსაც ქმნის.

საგზაო და სატრანსპორტო სკითხების სპეციალისტი ქუთაისის ტექნოიკური უნივერსიტეტის ავტოინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი ჯონი მომცემლიძე გვიხსნის, რომ ყველაზე დიდი ზიანი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევებით ეკონომიკას ადგება, სამუშაო ძალის მოსპობა ან პარალიზებაა. მისი განმარტებით, საქართველოს შრომის ბაზარი მდიდარი ისედაც არ არის და მისი კლება, თან ასე უმიზეზოდ, ვიღაცის დაუდევრობითა თუ სახელმწიფოს გულგრილობით, ძალიან ასუსტებს ჩვენს ეკონომიკას.

"არადა, ეს ისეთი მოგვარებადი პრობლემაა, რომ ამის გამო ამხელა დანაკარგი, არაგონივრულია. ნახეთ რა ხდება: შარშან 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევამ ეკონომიკიდან გაიყვანა 7190 ადამიანი, 6640 გარდაცვლილი დაშავებული, რომლებმაც ფსიქოლოგიური, ფიზიკური, დაზიანებები მიიღეს, დასახიჩრდნენ, ეკონომიკური აქტივობის, შრომის, უნარი დაკარგეს. ამას ემატება გარდაცვლილი 450 ადამიანი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ქმნიდნენ, მუშაობდნენ, იხდიდნენ გადასახადებს, არჩენდნენ ოჯახებს. ამას დაუმატეთ წინა წლებში ავარიებით გარდაცვლილთა რიცხვი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ჯანდაცვის, სოციალურმა, ეკონომიკურმა და ეკოლოგიურმა მძიმე მდგომარეობამ სიკვდილი გააახალგაზრდავა, ანუ ახალგაზრდები სხვადასახვა დაავადებებით კვდებიან, გამოდის, რომ ახალგაზრდების "კარგვა" ეკონომიკას ავარიების გარეშეც დიდი პრობლემას უქმნის და მისი წვლილი კიდევ უფრო დიდი დარტყმას აყენებს და კითხვის ნიშნებს აჩენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ავარიებში გადარჩენილ კონტინგენტს, ანუ დაზარალებულებს, ისინი ხშირად ხდებიან სოციალური შემწეობების ბენეფიციარები და მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ისედაც მწირ ბიუჯეტს," - გვიხსნის მომცემლიძე.

შეგახსენებთ, საგზაო უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებს. ეკონომიკური კუთხით, საგზაო შემთხვევებისგან ზარალი ქვეყნის მშპ-ს 4%-ია, რაც დიდი დანაკარგია. სპეციალისტების განმარტებით, ეკონომიკა ვითარდება და თუკი საგზაო შემთხვევებისგან მიყენებულ ზარალს არ შევამცირებთ, ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის.

"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ინფორმაციით, შარშან, 2019 წელთან შედარებით, ავარიებში დაღუპულთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.  2019 წელს საქართველოში 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილ მოქალაქეებს შორის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია.  ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა-დაშავებულ მოზარდთა სტატისტიკური მონაცემები კი შემდეგია: 2020 წელს 0-16 წლამდე 17 მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა - 465 2019 წელს 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, მათ შორის 16 მგზავრი, ხოლო - 3 ქვეითი, დაშავდა 853 მოზარდი. 2018 წელს კი 21 0-16 წლამდე მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 1012, 2017 წელს კი - 23 მოზარდი დაიღუპა, დაშავდა - 955.

ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა ოდენობით საქართველო რეგიონის ლიდერი. მიზეზად მთავრობის საგზაო უსაფრთხოების არათანმიმდევრული პოლიტიკა სახელდება.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 1 მილიონზე 2016 წლის მონაცემებით არის 156; 2017 წლის მონაცემებით - 139; 2018 წლის მონაცემებით –123; 2019 წლის მონაცემებით - 129; შევადაროთ საქართველოს მაჩვენებელი ევროპულს: შვედეთში 2016 წლის მონაცემებით სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 1 მილიონზე არის 27, 2017 წელს - 25, 2018 წელს - 32, 2019 წელს - 225 , შესაბამისად საქართველოს სტატისტიკური მონაცემი ევროპულ მაჩვენებელზე დაახლოებით 6-ჯერ უარესია. რთულია ისაუბრო საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაზე, როდესაც დაუდგენელი მიზეზით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი ძალიან მაღალია და ფატალურად დასრულებული შემთხვევების ზუსტი მიზეზები კი არ არის გამოკვლეული. სტატისტიკის წარმოება ხდება მოძველებული მეთოდით, რაც პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის საშუალებას არ იძლევა.

2020 წელს სახელმწიფოს ბიუჯეტიტან საგზაო უსაფრთხოებისთვის 46 მილიონზე მეტია გამოყოფილი. შარშან ამისთვის მთავრობამ 110 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ თანხა არასწორად, არამიზნობერივად იხარჯება, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ეს თანხა საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭირო სისტემის გამართვისთვის საკმარისი არაა და ბევრად მეტი თანხის მობილიზებაა საჭირო.

და ბოლოს, report.ge შეეცდება შეგიჯამოთ, რა კეთდება ქვეყანაში საგზაო და სატრანსპორტო უსაფრთხოებისთვის:

მართვის მოწმობის აღება რთულდება და ძვირდება, რაც სპეციალისტების მხრიდამნ დადებითად ფასდება იმისთვის, რომ როგორმე მოხერხდეს , "მკვლელი მძღოლები" განვდევნა  გზებიდან.

მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმაში გათვალისწინებულია მძღოლთა პროფესიული კომპეტენტურობის ასამაღლებელი რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა/მოწყობა. ცენტრის მშენებლობის საპროგნოზო ბიუჯეტი კი 14 მლნ ლარია. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ცენტრზე პასუხისმგებელი უწყება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა. ცენტრი თბილისთან, ფონიჭალაში აშენდება, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მას ექნება საერთაშორისო სტატუსი და მის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნება ევროკავშირის ქვეყნებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system