თავში

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ფოთის პორტის გაფართოებას

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ფოთის პორტის გაფართოებას
რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ფოთის პორტის გაფართოებას

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია ფოთის პორტის გაფართოებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

დეპუტატი მიესალმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, ფოთის პორტის გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

მისი აზრით, პორტის გაფართოება უდიდეს ეკონომიკურ ეფექტს მოახდენს არამარტო ფოთზე, არამედ მთლიანად სახელმწიფოზე. 

ხახუბია ამბობს, რომ 300 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიშნავს ასობით ახალ სამუშაო ადგილს და გაუმჯობესებულ მომსახურებას.

"ფოთის პორტის გაფართოება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლას. ანაკლია რჩება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტად. პირიქით, თავისუფალი საბაზრო ეკონიმიკის მთავარი პრინციპი კონკურენცია და კონკურენტული გარემოს შექმნაა, მხოლოდ კონკურენტულ გარემოშია შესაძლებელი განვითარება და სახელმწიფოსთვის მაქსიმალური სარგებლის მიღება. ერთი მხრივ, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორე მხრივ, ფოთის პორტის გაფართოება, ჩვენი ეკონომიკის განვითარების მყარ გარანტიებს შექმნის. ალბათ ყველას ახსოვს, რომ სულ ახლახან, ფოთის ,,პეის ჯორჯიას“ ტერმინალის გაფართოებაში 50 მილიონი აშშ დოლარის ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა, რასაც ,,პეის ჯორჯიას“ წილობრივი მონაწილეობის სახით 70 მილიონი აშშ დოლარი დაემატა. ახლაც, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, უცხოელი ინვესტორი აგრძელებს მუშაობას ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადების მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია. ინვესტორი დარწმუნებულია ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებში, რომ საქართველო მალე დაძლევს ამ გამოწვევას და დაუბრუნდება შენებას," -  წერს ხახუბია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „ეიპიემ ტერმინალსის“ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ გასცა პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ფოთის პორტის გაფართოებასა და გაღრმაწყლოვანების პროექტზე.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს შავიზღვისპირეთში, ნომერ პირველ პრიორიტეტად კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება რჩება.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

შეგახსენებთ, ფოთის პორტისთვის გაღრმაწყლოვენების პირველი ეტაპის ნებართვის გაცემა ეჭვს უჩენს "ანაკლიის განვითარების კონსორვციუმს", რომელსაც უნდა აეშენებინა აქ ღრმაწყლოვანი ნავსადგური, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო, მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.

როგორც მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებდა, მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელი პროცედურები დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system