თავში

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ქვეშეთი-კობის ახალ გზას

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ქვეშეთი-კობის ახალ გზას
რა ეკონომიკური ეფექტი ექნება ქვეშეთი-კობის ახალ გზას

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის ტერიტორიაზე ახალი გზის აშენებას გეგმავს. დეპარტამენტის განმარტებით, ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად, ქვეშეთი-კობის ახალი გზა მოაგვარებს სხვა პრობლემებსაც, მათ შორის, საგზაო უსაფრთხოებას, ჩაკეტილ გზას 100 დღის განმავლობაში, მოსახლეობის წვდომას ძირითად, აუცილებელ საჭიროებებზე და ა.შ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ონოფრიშვილი განმარტავს, ამ პროექტის განხორციელების შედეგად, განვითარდება მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და ახალ სიცოცხლეს შეიძენს კურორტი გუდაურიც. მისივე თქმით, ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენების შემდეგ, საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება და რეგიონი ინვესტორებისათვის მეტად მიმზიდველი გახდება.

„გუდაურის ერთ-ერთი დიდი პრობლემა სატრანზიტო ავტომობილებია. სწორედ ეს უშლით ხელს ტურისტებს, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი კურორტზე. ქვეშეთი-კობის გზის აშენების შემდეგ, პრობლემა აღარ იარსებებს და კურორტის საინვესტიციო ღირებულებაც საგრძნობლად გაიზრდება. მაგალითად, ერთიორად გაიზრდება საბაგირო და სათხილამურო გზების ფასი ინვესტორისთვის. განაშენიანების რეგულირების გეგმა სრულფასოვნად ამოქმედდება და კურორტი უფრო ევროპული გახდება, აღარ იქნება გამონაბოლქვი“, - აცხადებს ალექსანდრე ონოფრიშვილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის მიზანია, შესაძლებელი გახადოს უწყვეტად და უსაფრთხოდ გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს და გააუმჯობესოს რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია. მათივე განმარტებით, ახალი გზით შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება, გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება სხვადასხვა მიმართულების ტურიზმი.

ჩრდილოეთის მიმართულებით გზების მშენებლობაზე "ლელოს" კითხვები აქვს. მათ ეჭვი აქვთ, რომ ამ მიმართულების გზის მშენებლობით ქვეყანაში მთავრობა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესს ატარებს. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამაც" განაცხადა, რომ ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს - ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.

არასამთავრობო ორგანიზაციებ და ექსპერტები გზის ამ მონაკვეთის პოლიტიკუ-ეკონომიკურ და სამხედრო რისკებზე საუბრობენ, თუმცა ვიცე-პრემიერი ცქიტიშვილი რისკებს გამორიცხავს და ამბობს, რომ ქვეშეთი-კობის გზა რუსეთთან დაკავშირებული პროექტი არაა, უფრო მეტიც, ეს იმ პროექტების ჩამონათვალშია, რომლითაც მთავრობა მიღწევად თვლის და თავს იწონებს.

ცნობისთვის, რუსეთთან დამაკავშირებელ ახალ გზას EBRD-ი, ანუ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 60 მილიონი დოლარით აფინანსებს, ამ მონაკვეთში გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

ქვეშეთი-კობის გზის ბენეფიტებსა და რისკებს გაეცანით report.ge-ის სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system