თავში

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციას

რა ეკონომიკური ეფექტი ექნება საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციას
რა ეკონომიკური ეფექტი ექნება საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციას

3 თვის საშეღავათო პერიოდი ყველა მსესხებლებისათვის - ასეთია კომერციული ბანკების გადაწყვეტილება სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება ბანკებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერთან შეხვედრაზე კორონავირუსის გამო პანდემიურ სიტუაციაში ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე იმსჯელეს.

საბანკო საქმის სპეციალისტი ლევან შიოლაშვილი report.ge-ს უხსნის, რომ ბანკებს არც ისე დიდი სოციალური პასუხისმგებლობა გამოუჩენია ამ რთულ პერიოდში.

"სამ თვიანი საშეღავათო პერიოდი, პროცენტის დარიცხვით, ანუ სესხის რესტრუქტურიზება, არაეპიდემიურ პერიოდშიც ჰქონდა ბანკებს. თუ გინდოდა, ისარგებლებდი. ის, რასაც ახლა გვიკეთებენ ბანკები, დაახლოებით გავს, - ჩემს თანამშრომლებს ვუთხრა, რომ ,,ამ რთულ დროში” უფასო სამთვიან შვებულებაში გიშვებ და თან ამისთვის მადლობა გადამიხადე-თქო," - გვეუბნება შიოლაშვილი.

,,საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ბანკების ინიციატივას იწონებს და ხაზს უსვამს, რომ მათ გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

,,მათთვის ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი მისულიყვნენ ამ გადაწყვეტილებამდე. ამის ეფექტი, ერთი მხრივ, არის ის, რომ ადამიანებს, ამ რთულ პერიოდში გადასახდელი არ ექნებათ. მეორე, მათ შეუძლიათ გადაიხადონ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა გაუჩნდებათ და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს შეამსუბუქებს ლარზე ზეწოლას. როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირები, რომლებიც დოლარში სესხს იხდიან, ყიდულობენ კრედიტის მომსახურებისთვის ვალუტას, ესეც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება სამი თვის კრიზისულ პერიოდში. ეს დრო არ იქნება ადვილი გადასატანი კომერციული ბანკებისათვის, მაგრამ ყველაფერი თვლით არის და თვლა ყველაზე უკეთ ფინანსურ ინსტიტუტებში იციან, როგორც ჩანს, ეს მათი შესაძლებლობის ფარგლებშია,"-აცხადებს კეპულაძე.

აფბას პრეზიდენტი შოთა გულბანი კი ბანკების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებით დიდ ეკონომიკური ეფექტს არ ელოდება.

"ეს მაინც ნაძალადევი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომლის მიმართაც უკიდურესათ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. თუ ბანკები რეალურად ღელავენ მომხმარებელზე, სამართლიანი პირობები უნდა შესთავაზონ. ისინი ამბობენ, რომ არ გადაიხადოთ სამი თვე, მაგრამ პროცენტები მაინც დაგერიცხებათ და იმას გადაგინაწილებენ, ანუ მომავალში მეტის გადახდა მოგიწევთ. ეს არის ყველაზე ზუსტი განმარტება ბანკების გადაწყვეტილებისა, რომელიც რამდენად არის შეღავათი, ძნელი სათქმელია. მე პირადად ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს და არ მესმის რატომ იწვევს ტაშს”, - აცხადებს გულბანი.

დიდი ეკონომიკურ ეფექტს არც ეკონომისტი რამაზ გერლიანი ელოდება ბანკების სესხების რესტრუქტურიზაციით. ექსპერტი ამბობს, რომ როცა ვითარება საგანგებო მდგომარეობამდე მიდის, ამ დროს მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა დაშვებულია. ამით ბანკებს უმყარდებათ ნდობა და დადებითი დამოკიდებულება და თავიდან ირიდებენ შესაძლო პრობლემებს გადახდებთან დაკავშირებით.

"ვერ ვიტყვით, რომ წმინდა ეკონომიკური კუთხით ეს რამე დიდი შედეგის მომტანი იქნება, თანაც მოკლევადიან პერიოდში, თუმცა საბოლოოდ მაინც ნაკლები იურიდიული და ფიზიკური პირი აღმოჩდება ეკონომიკური წნეხის წინაშე, რაც მისასალმებელია”, - აღნიშნავს გერლიანი.

კომერციულ ბანკებს ლარის ხელოვნურ გაუფასურებაში სდებს ბრალს ეკონომიკის დოქტორი ლია ელიავა. ექსპერტი ამბობს, რომ ვალუტით ვაჭრობისას სპეკულაციებით ბანკები ყოველდღიურად იმდენად ბევრს შოულობენ, მათთვის სამთვიანი რესტრუქტურიზაცია არაფერია. 

კომერციული ბანკების გაცვლითი ოპერაციების აქტივობაზე არის დამოკიდებული მთელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობის ბედი. ლარის ვარდნა სპეკულაციური პროცესებითაა გამოწვეული. კომერციული ბანკები და “ბლუმბერგის” სისტემაში ჩართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ სასწრაფოდ მოითბონ ხელი და დამატებითი შემოსავალი მიიღონ ამ სავალუტო ვაჭრობებით. საქართველოში კურსის ვარდნა არის სუფთად ხელოვნური. ის არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ პროცესებთან. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად ხელი აიღო ვალუტის მხარდაჭერაზე. მისი იშვიათი და მწირი მოცულობის ინტერვეციები, ფაქტობრივად, გავლენას ვერ ახდენს სავალუტო ბაზარზე. ასეთ დროს სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები ყოველთვის ხარჯავენ სავალუტო რეზერვებს სწორედ კრიტიკული სიტუაციისთვის, რომ ვალუტა არ გაექცეთ და ინფლაცია მოთოკონ. ლარის გაუფასურება მთავრობას არ აწყობს, ის პირდაპირ "ურტყამს" ბიუჯეტს, რადგან შემოსავლებს ამცირებს, აქ კერძო ინტერესებია", - გვითხრა ლია ელიავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system