თავში

რა ელის ინფლაციას

რა ელის ინფლაციას
რა ელის ინფლაციას

ინფლაციაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენა მატულობს და ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ ინფლაციის მოთოკვა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით შესაძლებელია. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, რომლის შეფასებითაც, სებ-თვის ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 100%-ით არის მიზანშეწონილი.

,,ინფლაცია საფრთხეშია, როგორც ყველა სხვა ეკონომიკური პარამეტრი, რადგან კორონავირუსით გამოწვეული შოკის გავლენა დიდია. შარშანდელ პერიოდს თუ გავიხსენებთ, ინფლაციის ერთ-ერთი ფაქტორი იყო ნომინალური გაცვლითი კურსიდან წამოსული წნეხი და ფასების საერთო დონე. წელსაც, თუ დავაკვირდებით, კორონავირუსის საფრხესთან დაკავშირებული შოკის გამო კურსი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. შესაბამისად, ეს ინფლაციაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. თუმცა წინა პერიოდში შოკები მხოლოდ ჩვენს ეკონომიკაზე იყო მოქმედი და მხოლოდ ნომინალური გაცვლითი კურსი უფასურდებოდა და არა ეფექტური. წელს სხვა ქვეყნების ვალუტებიც მნიშვნელოვნად უფასურდება, რამდენადაც შოკი მსოფლიო ეკონომიკას შეეხო", - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

ანალიტიკოსი არ აკონკრეტებს, რა დონეზე არის ინფლაციის ზრდა მოსალოდნელი, მაგრამ ადასტურებს, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბებს. 

,,ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ისედაც აცდენილი ვიყავით, 6,4%იანი ინფლაცია გვაქვს, ხოლო მიზნობრივი 3%-ია. ახლა დისტანცია კიდევ გაიზრდება, მაგრამ არ გვექნება ისეთი ვითარება, როგორიც შარშან იყო. კონკრეტულად რა ნიშნულს მიაღწევს, ამას ვერც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გეტყვით, რომელიც ინფლაციაზე უშუალოდ არის პასუხისმგებელი .ველოდები, რომ სებ-ი ზომებს მიიღებს და მეორე კვარტლის შემდეგ ფასები შემცირებას დაიწყებს. სავარაუდოდ, ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. არსებულ სიტუაციაში ეს ძალიან მიზანშეწონილი იქნება", - დასძენს ანალიტიკოსი. 

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოლიტიკას,  მისი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება არ იქნება ინფლაციაზე ისეთი გავლენის მქონე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2019 წელს. 

,,სიტუაციას ყველანაირად ვაფასებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ჯერ პირობის მოცემა არ შემიძლია, თუმცა ამ წუთში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც შეიძლება მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system