თავში

რა ელის ლარს - პროგნოზი კვლავ არასაიმედოა

რა ელის ლარს - პროგნოზი კვლავ არასაიმედოა
რა ელის ლარს - პროგნოზი კვლავ არასაიმედოა

შეზღუდვები, ეკონომიკური აქტივობის შემცირება, სავალუტო შემოდინებების კლება და ნეგატიური მოლოდინები - რამდენიმე ფაქტორი ერთად აღებული, ლარის სტაბილურობის დიდ რისკს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ლარმა გეზი გამყარებისკენ აიღო, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ტენდენცია დიდხანს ვერ გასტანს და ტრენდი საპირისპიროდ შეიცვლება. მეტიც, არ ჩანს პერსპექტივა, რომ ლარი, თუნდაც 1 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მთავარია, მდორედ წარიმართოს ლარის გაუფასურების პროცესი და ნახტომისებრი რყევები არ დაფიქსირდეს, რაც ეკონომიკისთვის საშიშია.

აქედან გამომდინარე, კურსის გამყარების სურვილს სპეციალისტები თამამად მიაწერენ რომანტიზმს და ღიად აცხადებენ, რომ  ამის შესაძლებლობა ეკონომიკას რეალურად არ გააჩნია.

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ 2021 წლის პირველი ნახევარი ლარისთვის იქნება მძიმე, რადგან ეკონომიკაში შეზღუდვებია, რამაც ბიზნესის სტაბილურობა შეარყია, ეკონომიკას უჭირს და ამ პროცესების გავლენა ლარის კურსზე საკმაოდ ნეგატიურია.

,,იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რა მოხდება 2021 წლის პირველ ნახევარში კურსთან დაკავშირებით, უნდა გავიხსენოთ, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში რა ხდებოდა. ძირითადად კურსი გამყარებული იყო იმ დახმარებებით, რომელიც სავალუტო ფონდმა გაიღო და ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებისთვის გამოიყენა. საკმაოდ დიდი რესურსის ათვისება მოხერხდა. დღეს რამდენად ეყოფა ეს თანხა სებ-ს, ძნელად სავარაუდოა. მოსალოდნელია, რომ ინტერვენციები შესუსტდება და ლარის მცირეოდენი რყევა მაინც დაიწყება, ცხადია,  ეს პროცესი გაგრძელდება. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად სწრაფად გათავისუფლდება ქვეყანა ამ შეზღუდვებისგან, სამომავლოდაც თუ გაგრძელდება, ეკონომიკურ აქტივობებს დაეტყობა და ამ სისუსტეს ლარიც ასახავს, კიდევ უფრო გაუფასურდება", - აცხადებს თოქმაზიშვილი.

მეცნიერის შეფასებით, ნებისმიერი შეზღუდვა ეკონომიკის შეკვეცის ხარჯზეა და ეს ლარის სტაბილურობასაც საფრთხეს უქმნის.

,,ჩვენ გვქონდა პერიოდები, როცა არაფერი ემუქრებოდა ლარს, მაგრამ ნახტომისებრი გაუფასურება განიცადა, არასწორი გამოსვლები იყო - ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, ადამიანების მოლოდინებს არ გაუფრთხილდა და ამან მძიმე შედეგი გამოიღო. თუკი შეზღუდვებს გააგრძელებენ, შეიძლება მასშტაბურადაც გაუფასურდეს ლარი, ბაზრის აგენტები როგორ აღიქვამენ, ამაზეც ბევრია დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ გაუფასურება ნელა მოხდება, თუნდაც 1 წლის წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს, ლარს ამის რესუსრსი არ გააჩნია, სავალუტო შემოდინებებს ადგილი არ აქვს ტურიზმის კრიზისის გამო, ვალების აღებით ხდება კომპენსირება, ვალი კი გადასახდელია და ეს პროცესი ეკონომიკურ მდგომარეობას ამძიმებს. ასეთ ფონზე მოლოდინი, რომ კურსი შენარჩუნდება, საკმაოდ რომანტიკული, რეალობას მოწყვეტილი სურვილია", - ამბობს თოქმაზიშვილი. 

ლარის გამყარების მოლოდინი არ აქვს საბანკო სფეროს ექსპერტ, ლია ელიავას, რომელიც არ გამორიცხავს, 4-იანი ნიშნულიც გადალახოს კურსმა, რადგან, მისივე შეფასებით,  სავალუტო რყევები წმინდა  სპეკულაციურია და ეკონომიკურ კანონზომიერებას არ ემორჩილება.

,,ლარის სამომავლო დინამიკა დამოკიდებულია ეროვნულ ბანკსა და მის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზე. ახლახან სებ-მა გაყიდა ვალუტა კურსი გამყარდა. შემდგომაც თუ გაგრძელდება ეს ინტერვენციები, მდორე იქნება ვარდნა, მნიშვნელოვან რყევებს არ ველოდები, მაგრამ თუ შესუსტდება, ლარი მკვერად გაუფასურდება. სებ-ის ქცევაზეა დამოკიდებული. უკვე გაჟღეწრდა ინფორმაცია, რომ სავალუტო ფონდი რეზერვების ასეთი ხარჯვით უკმაყოფილოა, ამიტომ  დიდი ალბათობით სებ-ი მალე სავალუტო კურსის მხარდაჭერას შეწყვეტს. სავალუტო კურსს წონან სწორობის წერტილი არ გააჩნია, რადგან წმინდა სპეკულაციური რყევებია, ეკონომიკურ პროცესებზე არ არის დამოკიდებულია. ხოლო ინტერვენციები თუ შეჩერდება, 4-ზე ავარდება კურსი და ამ მაჩვენებელსაც გადალახავს", - ვარაუდობს ლია ელიავა.

რაც შეეხება ინტერვენციებს, როგორც ცნობილია, 2020 წლის მარტის თვიდან ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის 6 იანვრის ჩათვლით პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით 913 მლნ აშშ დოლარი მაიწოდა.

ბოლო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო ბაზარზე 2021 წლის 6 იანვარს 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2998 შეადგინა. ეს 2021 წელს სებ-ის მიერ განხორციელებული პირველი სავალუტო ინტერვენციაა.

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს 2020 წლის დარჩენილ პერიოდსა და 2021 წელსაც გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system