თავში

რა ელის მიკროსაფინანსო ბაზარს

რა ელის მიკროსაფინანსო ბაზარს
რა ელის მიკროსაფინანსო ბაზარს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაკოტრების ტემპი ყოველწლიურად მატულობს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ბაზარზე 3-4 კომპანია არ დარჩება. თუმცა, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, არც ის არის გამორიცხული, მისო-ების ბაზარი პირწმინდად გაქრეს. ცნობილია, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, რომელიც გარდა კომერციული ბანკებისა, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებსაც შეეხო, მათი ოდენობა ბაზარზე მუდმივად მცირდება.

საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან შეიძლება დარჩეს დარჩეს ის ნაწილი,  რომელიც წარსულში და ახლაც გადახდისუნარიან სეგმენტს უწევს მომსახურებას.

„მიკროსაფინანსოები საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მუშაობდნენ, რის გამოც მათ საბოლოოდ ვერ გაუძლეს რეგულაციებს და გაკოტრების გზას დაადგნენ. მათი ბრუნვა და გაცემული სესხები მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ბევრისთვის ეს პროცესი გაკოტრებით დასრულდა, მაგრამ ის ნაწილი, რომელსაც გადახდისუნარიანი სეგმენტი აქვს აღებული, საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებს, ასეთი კი მიკროსაფინანსო ბაზარზე სულ რამდენიმე. პრობლემა ჯერ კიდევ ლარიზაციის პროცესის დაწყებისას გაჩნდა, რეალურად საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობას ფინანსური რესურსები მოზიდული ჰქონდა უცხოურ ვალუტაში, რაც უკვე რისკებს ქმნიდა. რეალურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ზოგადად არასაბანკო საფინანსო სექტორში ოპერირებადი კომპანიების რაოდენობის შემცირება პირდაპირ უკავშირდება 2018 წელს მიღებულ იმ რეგულაციებს, რომელიც ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევიდა, რითაც ფაქტობრივად როგორც ლიცენზირებული ასევე არალიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტები აღმოჩნდნენ კაბალურ მდგომარეობაში - გარდა იმისა, რომ მათ დაუწესდათ მრავალი შეზღუდვა, გაიზარდა კაპიტალის მინიმალური ოდენობა. რეალურად სექტორის კაბალურ პირობებში ჩაყენებამ დაზარალებული ბიზნესი საბოლოოდ გააკოტრა", - აცხადებს report.ge-თან მიხეილ თოქმაზიშვილი. 

ცნობისთვის, 12 თვეში ბაზრიდან 35 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაქრა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის დასაწყისითვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 67 იყო. ამჟამად კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს მხოლოდ 40 კომპანია შემორჩა. ლიკვიდაციის პროცესშია 8 მიკროსაფინანსო კომპანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system