თავში

რა ეტაპზეა მცხეთის გენგეგმა

რა ეტაპზეა მცხეთის გენგეგმა
რა ეტაპზეა მცხეთის გენგეგმა

"მცხეთის გენგეგმის მომზადებაში ჩართულია 11 პროფესიული ჯგუფი, 7 საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტი, ასევე იუნესკო, საპატრიარქო და მონიტორინგის მიზნით შექმნილია ორი საბჭო - ერთი პროფესიული, მეორე კი უწყებათაშორისი," - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი ჩართულობით მომზადდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ფაქტობრივი კვლევების შედეგები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის, საპატრიარქოს და ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ყველა ასპექტი.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კონცეფციის დოკუმენტის გამოქვეყნება და საჯარო განხილვებში მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე, გაურკვეველი მიზეზების გამო არ მომხდარა.

„მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას გვქონდა ამაზე საუბარი, დოკუმენტი დღემდე არ არის გამოქვეყნებული. აღნიშნული პროცესის შეუფერხებელი წარმართვა და მოსახლეობის ჩართვა მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გენგეგმის შემდგომი დეტალური დამუშავება იუნესკომ, საპატრიარქომ და ყველა ჩართულმა მხარემ შეუფერხებლად განახორციელოს და და მოკლე ვადაში მივიღოთ უკვე ის ნამდვილად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მდიდარი, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ“,-ამბობს ქარსელაძე და იმედოვნებს, რომ მოსახლეობის უკიდურესად მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს მცხეთის გენგეგმის კონცეფციას.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიმდინარე წლის დასაწყისში ამბობდა, რომ ქალაქ მცხეთის გენერალური გენგეგმის კონცეფციაზე კონკურსის წესით შერჩეული 8 საპროექტო კომპანიის გაერთიანება ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების უწყებათაშორის საბჭოს უკვე წარედგინა. მისივე განმარტებით, კონკურსის წესით შერჩეულმა ამხანაგობა „აქოლისმა“ უკვე მოამზადა მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია, ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა და ქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში.

მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნაზე საქართველოს ხელისუფლებამ მუშაობა 7 წლის წინ დაიწყო. გეგმის მიხედვით მცხეთაში მშენებლობის სტანდარტები ისე უნდა განსაზღვრულიყო, რომ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ქალაქის ამოღების საფრთხე გამქრალიყო. ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე მუშაობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დოკუმენტი მზად ამ დრომდე არ არის. ამით კი ზარალდება ბიზნესი, რომელიც განვითარებას ვერ ახერხებს, რადგან გეგმის არაარსებობის გამო მშენებლობის ნებართვების გაცემა მუნიციპალიტეტს შეჩერებული აქვს.

1994 წელს, ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა, რამაც ქალაქის საერთაშორისო ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა განაპირობა. UNESCO აქტიურად ითანამშრომლებს ამხანაგობასთან და ეტაპობრივად გასცემს რეკომენდაციებს ქალაქის უსისტემო და ქაოტური განვითარების თავიდან აცილებასა და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით.

შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპანია „აქოლისთან“ ხელშეკრულება 2019 წელს გააფორმა. კომპანიას მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციაზე მუშაობა 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system