თავში

რა ფაქტორებმა იმოქმედეს საგარეო ვაჭრობაზე

რა ფაქტორებმა იმოქმედეს საგარეო ვაჭრობაზე
რა ფაქტორებმა იმოქმედეს საგარეო ვაჭრობაზე

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე report.ge-თან იმ გარემოებებზე საუბრობს, რამაც  მისი თქმით, საგარეო ვაჭრობაზე იმოქმედა. მისი თქმით, მთლიანი საგარეო ვაჭრობა კლებას აფიქსირებს, თუმცა წმინდა ადგილობრივი ექსპორტი პრობლემას მეტნაკლებად უმკლავდება და ქვეყანა კონკურენტულ ბაზრებზეც პოზიციებს იუმჯობესებს, რაც, მისი შეფასებით,  საგარეო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

,,საგარეო ვაჭრობა, როგორც მთელი ეკონომიკა, აღმოჩნდა იმ გლობალური გარემოების მძევალი, რაშიც დღეს ყველანი  პანდემიის გამო აღმოვჩნდით. მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და ეს აისახა მოთხოვნის კლებაზე, საგარეო ვაჭრობაში კლების ტრენდს სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავს. თუმცა, საქართველოსთან მიმართებაში დამაიმედებელი ტენდენციაც იკვეთება, კერძოდ, სექტემბრის ექსპორტის მაჩვენებელი  საგრძნობლად არის გაზრდილი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც შეეხება მხოლოდ ადგილობრივ ექსპორტს, მთლიან შემცირებას ადგილი ჰქონდა, მაგრამ თუ რეექსპორტს გამოვრიცხავთ, კლების ნაცვლად, ზრდას მივიღებთ. რეექსპორტი დაახლოებით 35%-ზე მეტით შემცირდა, თანხობრივად იგი თითქმის 400 მლნ დოლარზე მეტია. ამდენად, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა გაიზარდა, ამ მხრივ იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელი საკმაოდ დამაიმედებელია და ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს", - განმარტავს სტატისტიკოსი.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნების სტრუქტურას, როგორც არჩვაძე აღნიშნავს, თითქმის 90%-მდე ექსპორტი ხორციელდება იმ ქვეყნებში, რომლებიც  საქართველოზე მეტად არიან ეკონომიკურად განვითარებული და კონკურენცია მაღალია.

,,ფაქტორი, რომ საქართველო განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტის ზრდას ახერხებს, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. თანაც ამ ქვეყნებში ჩვენ არა მარტო გვეზრდება სამეწარმეო პოტენციალი, არამედ კონკურენტუნარიანობის დონეც საერთაშორისო ბაზარზე მატულობს. თუმცა რეექსპორტზე უარყოფითი ტენდენციაა. მაგალითისთვის, სომხეთმა მკვეთრად შეამცირა ავტომობილების იმპორტი საქართველოდან, ამაზე გავლენა ევრაზიის ეკონომიკური  კავშირის გადაწყვეტილებამაც იქონია, კერძოდ, საბაჟო ტარიფების შეცვლად, შესაბამისად, შარშან თუკი სომხეთის მიმართულებით 70 ათასზე მეტი ავტომობილი გავიდა, წელს სულ რამდენიმე  ათეული მანქანის იმპორტი განახორციელეს, რაც ნეგატიური ტენდენციით ხასიათდება. რაც შეეხება ნავთობპროდუქტების იმპორტის კლებას, ეკონომიკური აქტივობის შესუსტებას უკავშირდება", - განმარტავს არჩვაძე.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. თუმცა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით გაიზარდა და 1 720.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system