თავში

რა ფასი აქვს მიწას ეკონომიკაში

რა ფასი აქვს მიწას ეკონომიკაში
რა ფასი აქვს მიწას ეკონომიკაში

საქართველოში მიწა, როგორც კაპიტალი ნაკლებად გამოიყენება. არადა სხვა ქვეყნებში მიწას ფასიც აქვს და ბიზნესის წამოსაწყებად სერიოზულ ინვესტიციადაც მიიჩნევა. 

ექსპერტები ამბობენ, რომ მიწის ფონდის და მიწის რესურსის ეკონომიკაში ჩართვა ბევრად წინ წასწევს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობას და მთლიანად ეკონომიკას. 

ექსპერტი ზურაბ მაღრაძე ამბობს, რომ ეკონომიკა საქონელგაცვლის გარეშე არ არსებობს. ის არ ვითარდება იაფი სესხებით და სამთავრობო გრანტებით. მისივე მტკიცებით, ეკონომიკა ინვესტიციებით ვითარდება.

"ინვესტიციებს მოჰყვება ტექნოლოგიები. გადაწყვეტილებები კი კაბინეტებში კი არა და ბაზრებზე მიიღება. ინვესტიცია მიმზიდველია მხოლოდ თავისუფალ ბაზრებზე, ასეთი კი კერძო საკუთრების გარეშე არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ 40 ჰა სავარგული აქვს საშუალოდ ევროპელ ფერმერს საკუთრებაში. საქართველოში კი 1,4 ჰა და ისიც ცხრა ადგილას გაფანტული. არც ლოჯისტიკურად და არც ფინანსურად არ მართლდება ეს მოცემულობა. საქმე ისაა, რომ საშუალოდ ერთი ამერიკელი ფერმერი 79 თანამოქალაქეს კვებავს, ევროპელი - 67-ს, რუსი - 15-ს, ქართველი გლეხი კი - 0,85-ს. ის თავის თავსაც ვერ არჩენს, არადა ტექნოლოგიების ეპოქაში ვართ. გლეხობა ტეხავს. ნიდერლანდებში, საფრანგეთში, შვედეთში, ესტონეთში არათუ მიწები, არამედ ტყეები და ტბებიც კერძო საკუთრებაშია. მაღალი საკანონმდებლო ნორმატივებით ტყის რესურსები, მათ შორის ნეშომპალა, აგრარულ წარმოებაშია ჩართული, პროდუქტის ფასი და ხარისხი კი თავის საქმეს აკეთებს," - ამბობს მაღრაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის თითქმის ნახევარი ნიადაგზე მოდის.

ეკონომიკაში მიწის ჩაურთველობის მიზეზად, მისი დიდი წილის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობა სახელდება. 

.საქართველოს მიწის ფონდი 7 628.4 ათას ჰექტარს ითვლის. აქედან კერძო საკუთრებაშია 948.9 ათასი ჰექტარი, ხოლო 6 679.5 ათას ჰეტქრს სახელმწიფო ფლობს.(2004 წლის პირველი აპრილის მონაცემები).

2 822.3 ათასი ქეტრი სასოფლიო სამეურნეო დანიშნულებისაა. 3 857.2 ათასი ჰექტარი არასასოფლო მიწაა, 88.4 ათსი ჰექტარი დასახლებული პუნქტია, 300.7 ათასი ჰექტარი დაცული ტერიტორიაა, ხოლო 2 456.2 ათასი ჰექტარი ტყის ფონდს ეკუთვნის, რელიგიური ორგანიზაციებისსაკუთრებაშია 4.9 ათასი ჰექტარი მიწა, ხოლო მიწის საერთო ფართობის 835.1 ჰექტარი წყლის ფონდს უჭირავს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში მიწაზე ნათესი ფართობების მოცულობა შეუქცევადად მცირდება. მაგალითად 274.9 ათასი ჰექტარი იყო დამუშავებულ-დათესილი, ხოლო 2019 წელს ის 203.0 ჰექტრამდე შემცირდა. ეს მონაცემი აჩვენებს, რომ მიწა, როგორც კაპიტალი, ნაკლებად გამოიყენება.

ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება. 

სპეციალისტების რეკომენდაციით, სიღარიბის დამარცხების ყველაზე ეფექტური გზა მიწის საყოველთაო პროვატიზაციააა.

"ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანის სწრაფი გზა, სახელმწიფო მიწების, კერძო საკუთრებაში გადაცემაა. ასეთი გადაწყვეტილება შეესაბამება როგორც ქვეყნის გაცხადებულ ეკონომიკურ მოდელს, ასევე სამართლიანობის პრინციპს. ეს პროცესი 25 წლის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია. მსგავსი სურათი მხოლოდ ბელორუსიაში და პოსტსაბჭოთა სივრცეშია, ა.შ.შ.-ში და სხვაგან, სადაც საბაზრო ეკონომიკაა და სახელმწიფო განვითარებულია, ქონება ძირითადად ხალხის საკუთრებაშია და არა პირიქით. ანუ გამოდის, რომ საბჭოთა კავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენთან არც დანგრეულა და ადამიანებს კვლავ არაფერი გააჩნიათ. ამ საკითხზე შევადგინეთ პეტიციაც, თუმცა არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა არ გვცემს დასაბუთებულ პასუხს თუ რატომ არ იძვრის პროცესი, რომელიც მოსახლეობას გაამდიდრებს, ეკონომიკას განავითარებს და გააჯანსაღებს. ერთადერთი პასუხი რაც გვაქვს არის ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრება, რომ ქონების მოსახლეობისთვის გადაცემა ხელს შეუშლის ჯანსაღი ინვესტიციების მოზიდვას, რაც აბსოლუტურად უარგუმენტო დასკვნაა" - ასეთია საინიციატივო ჯგუფის "გახდი მესაკუთრეს" ხედვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system