თავში

რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ საფინანსო სექტორი

რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ საფინანსო სექტორი
რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ საფინანსო სექტორი

"კორონა ვირუსის გავრცელებასთან ერთად, ჩვენ რამდენიმე გამოწვევის წინაშე დავდექით," - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველებთან, 29 ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებთან, ვირტუალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, პირველი პრობლემა, რაც პანდემიამ შექმნა ისაა, რომ არავინ იცოდა რა ეკონომიკურ შოკს უმზადებდა ის ეკონომიკას. მეორე პრობლემა, რისი გადალახვას საფინანსო სექტორს მოუწია, გვენეტაძის თქმით, იყო ის, რომ ბაზარზე იყო ნდობის შოკი, რასაც ეკონომიკის დაკრედიტების შეფერხება და შოკის გაძლიერება შეეძლო. 

"მესამე: არსებობდა მაღალი საოპერაციო რისკი, რაც უკავშირდებოდა პანდემიის განვითარების დაუდგენელ ტემპს, ჩაკეტვასა (lockdown) და, შესაბამისად, ადამიანური რესურსის შეზღუდვას როგორც მარეგულირებლისთვის, ასევე ფინანსური სექტორისთვის," - განმარტა გვენეტაძემ და დასძნა, რომ ამ გამოწვევების საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელმაც ჩაკეტვის პერიოდში კრედიტორებს საგრძნობი მოცულობის სესხის მომსახურების გადავადების და, ამავდროულად, რეალური სექტორის დაკრედიტების გაგრძელების საშუალება მისცა.

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ჯამში 252 მილიონიანი ზარალი ნახეს. წელს ბანკებმა 456 მლნ ღირებულების ქონება დაისაკუთრეს.

როგორც ეროვნულ ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, სექტემბერში ფინანსური ინსტიტუტების საოპერაციო მაჩვენებლები გაუმჯობესდა, შედეგად წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს შეადგენდა, სექტემბერში 252 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, თუ ბანკების მსგავსი საოპერაციო მაჩვენებლები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შესაძლოა, საფინანსო სექტორმა 2020 წელი კრიზისის მიუხედავად 100 მილიონ ლარზე ნაკლები ზარალით ან სულაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულოს.

რაც შეეხება, საბანკო სესხების გადავადების მესამე ტალღას, რომელსაც ბიზნესი ითხოვს, მთავრობა ამ საკითხზე ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გეგმავს.  

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, მთავრობის შეამდგომლობით, კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სესხები 2-ჯერ სამი თვით გადაუვადა. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 3 თვიანი გადავადების პირველ ტალღაში, საბანკო სესხების 55% მოექცა - 17 მლრდ ლარამდე პორტფელით, მე-2-ში 7 მლრდ ლარამდე (მთლიანი დაბანდების 20%-მდე).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system