თავში

რა განაპირობებს ნდობას ბიტკოინის მიმართ

რა განაპირობებს ნდობას ბიტკოინის მიმართ
რა განაპირობებს ნდობას ბიტკოინის მიმართ

ბიტკოინის მიმართ ინტერესი მატულობს, რასაც სპეციალისტები უპრეცენდენტოდ გაზრდილ ფასს უკავშირებენ. მართალია, ინვესტორებისთვის იგი არასტაბილურ აქტივად მიიჩნეოდა და დიდად ვერც ნდობით სარგებლობდა, მაგრამ დღეს, როგორც პროფესორი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, ფინანსურ ბაზრებზე პროცესები ბიტკოინის სასარგებლოდ არის მიმართული. ამის მიზეზი, თუთბერიძის ინფორმაციით, წარმოების ლიმიტია, რომელიც უკვე იწურება და ამან ინვესტორების ინტერესი განსაკუთრებით გაამძაფრა. შესაბამისად, ნდობის ვერდიქტმაც ბიტკოინის მხარეს გადაინაცვლა.

,,ცნობილია, რომ ბიტკოინის რაოდენობა არის შეზღუდული და თითქმის უახლოვდება იმ მაქსიმალურ ზღვარს, რომლის იქით წარმოება გაჩერდება. რაოდენობა შეზღუდულია და მოთხოვნა კი მუდმივად მატულობს. ამასთან, ინვესტორები  ფიქრობენ, რომ ინვესტიცია ბიტკოინში უფრო მომგებიანია და ინვესტიციების დივერსიფიცირებას ცდილობენ ბიტკოინებში, ესეც მოქმედებს მის ღირებულებაზე. თუმცა ასე უსასრულოდ არ გაგრძელდება. დღეს კი ბიტკოინი აქტუალური თემაა და ფასები გააგრძელებენ ზრდას, სანამ ჯერ კიდევ არის წარმოების შესაძლებლობა. სიმართლე ითქვას, არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე, როცა ბიტკოინი ეტაპობრივად ძვირდებოდა, მაგრამ მალევე განიცდიდა კორექციას და ფასი დაბლა იწევდა. ამიტომ ვერ გეტყვით, გამოიჩენენ თუ არა ნდობას ბიტკოინის მიმართ სამომავლოდ, რადგან მისი მაღალი ღირებულება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მაინინგის პრაქტიკა ისევ შემოვა მოდაში და აქტუალური გახდება. გასათვალისწინებელია, რომ  ბიტკოინი საკმაოდ არამყარი ვალუტაა. ამ თვალსაზრისით, მასზე იმედის დამყარებას ვერავის ვურჩევ. მით უმეტეს, არასახარბიელო მოცემულობაა, როცა წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები გაჩერებულია. ევროპა არის პარალიზებული და მსოფლიოს წამყვანე ქვეყნებშიც კი ჭირს სიტუაციის დასტაბილურება", - ამბობს გოჩა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და 15 თებერვლის მდგომარეობით $50,000-ს გადააჭარბა, რაც 2020 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 74%-ით მაღალია.

galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ზრდას ხელი შეუწყო ვოლ სტრიტის გიგანტების მხრიდან გაზრდილმა ინტერესმა, მათ შორის BNY Mellon და Mastercard.

ანალიტიკოსებს არც ის ავიწყდებათ, რომ 8 თებერვალს, ელონ მასკის ტესლამ დაანონსა კრიპტოვალუტაში რეკორდული $1.5 მილიარდი ინვესტიციის შესახებ, რამაც ბიტკოინის ფასის ზრდას შეუწყო ხელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system